Bitfury

ვინ ფლობს კომპანიას, რომელმაც თბილისში Bitfury-ის დატა ცენტრი იყიდა

gizmodo.com

Bitfury ჯგუფმა დღეს თბილისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მდებარე 40-მეგავატიანი ბიტკოინ დატა ცენტრის გაყიდვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ცენტრის ახალი მფლობელი აზიური Chong Sing Holdings-ია. 

Bitfury-ის აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ვავილოვის განცხადებით, გარიგება აზიის ბაზარზე კომპანიის გაფართოვებას ისახავს მიზნად:

"გარიგება აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას ჩინელ პარტნიორებთან და ეხმარება კომპანიას გააგრძელოს წარმატებული გაფართოვება აზიის ბაზარზე", - ამბობს ვავილოვი. 

Chong Sing Holdings IT ფინანსური ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელეს სთავაზობს ონლაინ ფინანსურ სერვისებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ფჰანგ იუ კიატია, აღნიშნულ კომპანიას მეორენაირად Credit China ეწოდება და მისი აქციები ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ამ დროისთვის Chong Sing Holdings-ის ერთი აქცია 0.94 ჰონგ-კონგის დოლარი ღირს, რაც $10 ცენტს შეადგენს.

Chong Sing Holdings-ი საფონდო ბირჟაზე 2010 წელს გავიდა, ამ პერიოდში მისი აქციების ღირებულება მაქსიმალური 2017 წლის ივლისში იყო და ის 1.14 ჰონგ-კონგურ დოლარს, ანუ $11.4 ცენტს შეადგენდა.

Chong Sing Holdings-ის დეკლარირებული შემოსავალი 2016 წელს 1 მილიარდი ჰონგ-კონგური დოლარი, ანუ $100 მილიონი დოლარი იყო. კომპანიის საბალანსო უწყისის მიხედვით, მისი აქტივები 10 მილიარდი ჰონგ-კონგური დოლარი, ანუ $1 მილიარდია. 

CNBC-ის მონაცემებით, Chong Sing Holdings-მა Bitfury-ის 6.4%-იანი წილი 2016 წლის მაისში შეიძინა. კომპანიას Bitfury-ში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციაც აქვს განხორციელებული. 

Bitfury-მ თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 40 მგვტ სიმძლავრის დატა ცენტრი 2015 წლის დეკემბერში გახსნა. ცენტრი თბილისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს და ის ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების 2.5%-ს წვავს. საპროცესინგო დატა ცენტრი BITFURY-ის წარმოებული მიკროჩიპებით არის აღჭურვილი.

გარიგება მხოლოდ დატა ცენტრს ეხება, შესაბამისად თავისუფალი ეკონომიკური ზონა ისევ Bitfury-ის საკუთრებაში რჩება.

იქიდან გამომდინარე, რომ დატა ცენტრი თიზ-შია, მას გადასახადების გადახდა არ უწევს. დატა ცენტრისთვის არსებული საგადასახადო რეჟიმი ასე გამოიყურება:

  • მოგების გადასახადი - 0%
  • იმპორტის გადასახადი - 0%
  • თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტი და დივიდენდი არ იბეგრება და არ არის შეტანილი მიმღების დასაბეგრ საშემოსავლო ბაზაში
  • ვაჭრობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის გათავისუფლებულია დღგ–ს გადახდისგან (მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდებაც)
  • ექსპორტი გათავისუფლებულია დღგ–გან, საგადასახადო შეღავათზე უფლებით
  • საკუთრება, მათ შორის მიწა, რომელიც მდებარეობს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან

დატა ცენტრი ბიტკოინის მოპოვებისთვის ერთ კილოვატ ელექტროენერგიას 13.6 თეთრად ყიდულობს.

თავად Bitfury კაიმანის კუნძულების ოფშორშია რეგისტრირებული და ის მისი შვილობილი კომპანიების გავლით ოპერირებს. Bitfury Group LTD რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე, კომპანიას ჰყავს შვილობილი კომპანია ლუქსემუბურგში - Bitfury (Luxembourg) Sàrl, რომელსაც თავისმხრივ ჰყავს შვილობილი კომპანია ნიდერლანდებში - Bitfury Holding BV. სწორედ აღნიშნული ჰოლდინგი ფლობს საქართველოში თავისუფალ ეკონომიკურ ზონას კომპანია "ჯორჯია თექნოლოჯი პარკის" მეშვეობით. ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია საქართველოში ფლობს კიდევ ერთ კომპანიას სახელწოდებით "ბი ეფ დი სი ჯორჯია." 

კომენტარები