ე.წ. ციანიდის საქმე

პროკურორი: მამალაძემ შესანიშნავად იცის, რომ დამნაშავეა და სასამართლოზეც არ მოვიდა

მთავარი პროკურატურა

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის განცხადებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შესანიშნავად იცის, რომ დამნაშავეა და დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ მოვიდა.

პროკურორი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. რაც შეეხება ანგარების ნაწილს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, გაასაჩივრებს თუ არა ამას პროკურატურა.

"აღნიშნულ გადაწყვეტილებას ველოდებოდით, რომ გიორგი მამალაძეს მკვლელობის მომზადების ნაწილში აუცილებლად დამნაშავედ ცნობდნენ, იმიტომ რომ წარდგენილი გვაქვს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებული მტკიცებულებები. რაც შეეხება ანგარებას, ამას გავეცნობით სამოტივაციო ნაწილს, დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწვეტილებას გავასაჩივრებთ თუ არა", - აცხადებს პროკურორი.

ჟურნალისტის კითხვას, შეძლო თუ არა ბრალდების მხარემ პასუხის გაცემა საქმეში არსებულ კითხვებზე, ზვიად გუბელაძე პასუხობს:

"ძალიან არალოგიკურია თქვენი შეკითხვა. ამ ერთი წლის განმავლობაში ორი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომ გიორგი მამალაძემ ნამდვილად მომზადა განზრახ მკვლელობა, შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. ვინ თუ არა, გიორგი მამალაძემ შესანიშნავად იცის, რომ დამნაშავეა და განაჩენის გამოცხადებაზეც კი არ მოვიდა".

დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ მურმან ისაევის, ნათია ბარბაქაძის და მანუჩარ კაპანაძის შემადგენლობით დღეს გამოიტანა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

კომენტარები