სწორი კვება

რა დრო და რა რაოდენობით საჭმელია საჭირო, რომ წონაში მოვიმატოთ?

Huffington Post

თუკი ოდესმე წარმოუდგენლად ბევრი გიჭამიათ და დასრულების შემდეგ ისეთი გრძნობა გქონიათ, რომ სადაცაა გასკდებით, აუცილებლად გაიფიქრებდით, რომ წონაში მოიმატეთ. 

ასეთ შემთხვევაში, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: რასაც თქვენ ჭამთ მაშინვე წონას არ გმატებთ. ის, თუ როგორ იკვებებით რამდენიმე დღის ან კვირის მანძილზე, საბოლოოდ აისახება ხოლმე წონის მატებაზე. 

იმისათვის, რომ გაიგოთ, რამდენ ხანს (და რა რაოდენობით საჭმელი) გჭირდებათ წონაში მოსამატებლად, წაიკითხეთ, რას ამბობს ორი აკრედიტირებული დიეტოლოგი, რომელსაც Huffington Post Australia ესაუბრა. 

"წონის მატება ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს დისბალანსი ნაჭამ კალორიებსა და იმ კალორიებს შორის, რასაც ვწვავთ. ეს არ ხდება მხოლოდ ერთი ჭამით არ ხდება - წონაში მაშინ ვიმატებთ, როცა ეს დისბალანსი გარკვეული პერიოდის მანძილზე გრძელდება,"-ამბობს ჯემმა ო'ჰენლონი.

ანუ მარტივად რომ ვთქვათ, წონაში ვიმატებთ მაშინ, როდესაც ვერ ვწვავთ იმ კალორიებს, რომლებსაც ვიღებთ. 

"როდესაც საქმე ეხება სწორი ბალანსის დაცვას, ერთი ჭამა ვერ დაარღვევს მას. მთავარია, ყველა სახის საკვები მივიღოთ სწორი ბალანსით, ვჭამოთ მცირე პორციებით და ფოკუსირებული ვიყოთ იმაზე, რომ ყურადღებით ვჭამოთ,"- ამბობს დიეტოლოგი. 

როგორც სხვა ყველაფერი, რაც სხეულს უკავშირდება, საკვების ის რაოდენობა, რომელიც წონას არ შეგვმატებს, ინდივიდუალურად განისაზღვრება. 

"სხეული მუდმივად მუშაობს და იყენებს ენერგიას, რომ ავტომატურად შეასრულოს ისეთი მარტივი დავალებები, როგორიცაა, მაგალითად, სუნთქვა. კალორიები, რომლებსაც თითოეული ადამიანი წვავს იმისათვის, რომ ორგანიზმმა მაშინაც კი იმუშავოს, როცა ჩვენ ვისვენებთ, ცნობილია, როგორც ჩვენი ძირითადი მეტაბოლური ნორმა. ყველა ადამიანს აქვს ენერგიის საკუთარი საჭიროება, რომელიც ძალიან ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა მაგალითად, ასაკი, სიმაღლე, თანდაყოლილი დაავადებები და აქტივობა. ამასთან, ჩვენ ვიყენებთ ენერგიას იმისათვის, რომ შევასრულოთ მარტივი დავალებები, მაგალითად, სიარული და ლაპარაკი,"- ამბობს ჯერალდინ ჟორჟე. 

ასევე, სხეული ენერგიას იყენებს მაშინაც, როცა ჩვენ ვვარჯიშობთ, ამიტომ, რაც უფრო მეტს ივარჯიშებთ, მით უფრო მეტ ენერგიას დახარჯავთ. 

"როდესაც წონას ინარჩუნებთ, ენერგია, რომელსაც თქვენი სხეული იღებს საჭმელისგან უდრის იმ ენერგიას, რომელსაც თქვენ ავტომატურად და სხვადასხვა აქტივობით წვავთ. არ დაგავიწყდეთ შემთხვევითი ვარჯიში. მთელი ჩვენი დღიური აქტივობები, როგირიცაა მაგალითად, მატარებლის სადგურამდე მისვლა, კიბეებზე ასვლა ან თუნდაც, სახლის დალაგება, შემთხვევით ვარჯიშად ითვლება და ენერგიის წვაში გეხმარებათ,"- ამბობს ჟორჟე. 

თუმცა, რამდენი ზედმეტი საჭმელია საჭირო იმისთვის, რომ ერთი კილო მოვიმატოთ?

"თუკი ჩვენ შევჭამთ იმაზე მეტ კალორიას, რასაც ჩვენი სხეული წვავს, დარჩენილი ენერგია სხეულის ცხიმად გადაიქცევა. ერთი კილოგრამი ცხიმი არის 37 000 ნარჩენი კალორია (ცხიმი შეიცავს 37 კალორიას 1 გრამში, რომელიც უდრის 37 000 კალორიას 1 კილოგრამში). იმისათვის, რომ კვირაში მოიმატოთ 0.5-დან 1 კგ-მდე, უნდა მიიღოთ, უხეშად რომ ვთქვათ, 2 000 - 4 000 ზედმეტი კალორია დღის მანძილზე,"- ამბობს ო'ჰენლონი. 

კომენტარები