ე.წ. ციანიდის საქმე

პროკურატურა ციანიდის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენს მოტივის ნაწილში, დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ, საკასაციო წესით გაასაჩივრებს.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

"გიორგი მამალაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით) და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა წარდგენილი ბრალდება და იგი დამნაშავედ სცნო შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად  განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, გ.მ. დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში,  სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ბრალდებულ გ.მ.-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბრალდების მხარე, სასამართლოს განაჩენს მოტივის ნაწილში, დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ, საკასაციო წესით გაასაჩივრებს", - აცხადებენ პროკურატურაში.

დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ მურმან ისაევის, ნათია ბარბაქაძის და მანუჩარ კაპანაძის შემადგენლობით დღეს გამოიტანა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

კომენტარები