აფგან მუხთარლის გატაცების საქმე

ომბუდსმენი: მუხთარლის გაუჩინარების საქმის გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს

ტაბულა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე გამოძიება არასათანადოდ მიმდინარეობს და ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს. 

"მუხთარლის გაუჩინარების გარემოებების გამოძიება, ნამდვილად, არაეფექტურად მიმდინარეობს, ძალიან დიდი ხანია, ჩვენ არაფერი გვსმენია გამოძიების მიმდინარეობის და იქ არსებული რაიმე პროგრესის თაობაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ არაეფექტურია ეს გამოძიება და ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება მოპოვებული იქნას მედიის საშუალებით თუ დაკავებულ პირთან კონტაქტის საშუალებით, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი უნდა იყოს გამოძიებისთვის და სათანადო ყურადღება მიექცეს ამ გარემოებებს,"- განაცხადა ლომჯარიამ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 იანვარს მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება.

კომენტარები