სახლი ინგოროყვას ქუჩაზე

სახლი ინგოროყვას ქუჩაზე - კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი დაზიანებული ძეგლი

ინგოროყვას #18-ში მდებარე სახლი მე-20 საუკუნის დასაწყისშია აშენებული. მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. აქ ოთახი საქართველოს დამფუძნებელი კრების ათ დეპუტატს ჰქონდა ნაქირავები.

ეს სახლი წლების განმავლობაში ასე გამოიყურებოდა: 
 


ფოტო: ლიბერალი

ახლა კი ასეთია: 
 


ფოტო: flickr

მისი ფასადი მთაწმინდის რაიონის გამგეობამ 3 წლის წინ, 2015 წელს შელესა და პირობაც დადო, რომ შენობას პირვანდელი სახე აღუდგებოდა, თუმცა მისი რესტავრაცია ამ დრომდე არ მომხდარა. 

მთაწმინდის გამგეობაში ამბობენ, რომ სახლი მისი ავარიულობის გამო შელესეს - გაამაგრეს. 

"ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა გამგეობას, მოეხდინათ დემონტაჟი და გამაგრებულიყო ავარიული ნაწილი. ამას გარდა, ფასადიდან ცვიოდა დარჩენილი ორნამენტები, ამიტომ მოიხსნა და დასაწყობდა. ეს ორნამენტები ახლაც შენახულია. სპეციალისტებთან შეთანხმებით მომზადებულია აღდგენის პროექტი, მზად არის მისი 3D ვერსიაც და ეს საკითხი თბილისის მთავრობის სხდომაზე დაისმება", - გვითხრეს გამგეობაში. 

ამ ეტაპზე მაინც გაურკვეველია, როდის აღდგება ისტორიული შენობის ფასადი ან ვის დაევალება ამ სამუშაოს შესრულება - გამგეობაში ამბობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლები შესაძლოა გამგეობის კომპეტენციიდან მოიხსნას. 

თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იურისტი, თეა ონიანი მსგავს ცვლილებებს გამორიცხავს. მისი თქმით, ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არათუ მიღებული არ არის, არამედ არც კი განიხილება. 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე -16 მუხლის მიხედვით კი, საკუთარ ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლების მოვლა-პატრონობა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება სწორედ თვითმმართველობის კომპეტენციაა. 

კომენტარები