გიგანტური ხეები

ირანი UNESCO-ს მიმართავს, სიძველით მე-2 ხე მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანოს

TripAdvisor

ირანის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ალი აზღარ მუნესანის განცხადებით, ქვეყანა აპირებს მიმართოს UNESCO-ს წინადადებით, რომ სამხრეთ ირანში მდებარე მსოფლიოში სიძველით მეორე ხე Sarv-e Abarkuh (აბარკუს კვიპაროსი), მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანოს. 

ამის შესახებ მუნესანმა კვირას, 11 თებერვალს განაცხადა. აბარკუში მდებარე კვიპაროსის ხე 4 500-წლიან ისტორიას ატარებს. მას, როგორც ეროვნულ ბუნებრივ მონუმენტს, ირანის კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაცია იცავს და ხშირად ხდება ტურისტების სამიზნე. 11.5 მეტრის პერიმეტრზე გაშლილი ხე სიგრძეში 25 მეტრს აღწევს. 

ის, რაც კვიპაროსის ხეს განსაკუთრებულს ხდის, ისაა, რომ ის დღემდე ხარობს. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ბუნებრივმა ხელსაყრელმა პირობებმა და მდებარეობამ გამოიწვია. 

ლეგენდების ერთი ნაწილის თანახმად, ის ბიბლიური პერსონაჟის, ნოეს შვილმა იაფეტმა დარგო. სხვებს კი სჯერათ, რომ ხის დარგვა თავად ზარათუშტრას უკავშირდება. 

აბარკუს კვიპაროსი სულ რაღაც 300 წლით "ახალგაზრდაა" მსოფლიოში ყველაზე ძველ ხესთან, მათუსალასთან შედარებით, რომელიც კალიფორნიის თეთრ მთებში დგას. მათუსალა, დაახლოებით, 4 800 წლისაა. ხე 1953 წელს აღმოაჩინეს და მას ბიბლიური პერსონაჟის სახელი უწოდეს. ბიბლიის მიხედვით, მათუსალამ ყველაზე დიდხანს, 969 წელი იცოცხლა.



ძველი და ასწლოვანი ხეების სიყვარულით საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, მოქმედი მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილიც გამოირჩევა. 2016 წლის ივნისში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში საქართველო შავ ზღვაში "მოცურავე" გიგანტური ხე ტიტას ფოტოს გამო მოექცა. მილიარდერს ხე ციხისძირიდან შეკვეთილში გადაჰქონდა, სადაც ძველი ხეებით დენდროლოგიური პარკის მოწყობას გეგმავს. სამწუხაროდ, ხემ გადარგვიდან მალევე დაიწყო გახმობა და "მკურნალობის" მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, ამიტომაც მოჭრეს.

 


ლირიოდენდრონი პირველი ხე იყო, რომელმაც ზღვაში იმოგზაურა. 100-წლოვანი ხის გადატანისას ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა რამდენჯერმე ჩაიკეტა. ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში წყალში 5 დღის განმავლობაში იყო გაჩერებული. შემდეგ კი, ზღვაში გზა შეიყვანეს და ტივზე შესმული ხე ტიტა, რომელიც 600 ტონაზე მეტს იწონიდა, ზღვით გადაიტანეს. ტიტას შემდეგ ივანიშვილმა დენდროლოგიურ პარკში სულ 30-ზე მეტი ხე გადაიტანა და კიდევ ამდენივეს გადატანას აპირებს. ხეები, ძირითადად, ზღვით გადააქვთ. 

აღსანიშნავია, რომ ხე ტიტას გადარგვიდან მალევე, ბიძინა ივანიშვილმა ტაბულას კითხვაზე - გაიხარა თუ არა ხემ, უპასუხა, რომ "ხე კარგად არის, სამწუხაროდ თქვენდა. მახსოვს, როგორ იყავით ჩასაფრებული. რა თქმა უნდა, გაიხარა."

კომენტარები