გლდანის ციხე

სამინისტრო: პატიმარმა თვითდაზიანება სავარაუდოდ ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა

გლდანის ციხე
AFP

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გლდანის ციხეში მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სსკ-ის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) აწარმოებს.

:მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება. რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ იქნა  გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. მსჯავრდებული ჩ.ნ. საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა" - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა ბოლო წლებში კიდევ სამჯერ მიიყენა თვითდაზიანება. ჩ.ნ.  პენიტენციურ  დაწესებულებაში 2014 წლიდან  იხდის სასჯელს 19-108 მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

"თვითდაზიანების სამივე ფაქტზე მოხდა მისი გამოკითხვა, რის შედეგადაც, მისივე თქმით, დადგინდა, რომ თვითდაზიანებები მსჯავრდებულმა სულიერი აშლილობის ნიადაგზე ყოველგვარი საპროტესტო მოთხოვნების გარეშე მიიყენა. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჩანაწერები არსებობს მსჯავრდებულის პირად საქმეში. ჩ.ნ. ექიმ-ფსიქიატრის რეკომენდაციის საფუძველზე, 5-ჯერ იყო გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ფსიქიატრიული სტაციონარული  მომსახურების მიღების  მიზნით. ბოლოს ის, 2017 წლის აგვისტოდან ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა. ასევე, ჩ.ნ. 2016 წლიდან ჩართული იყო სუიციდის პრევენციის პროგრამაში" - აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტრო.

გლდანის ციხეში ყელგამოჭრილი პატიმარი 10 თებერვალს იპოვეს. მისი ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. ადვოკატ არჩილ თოფიკაშვილის თქმით, "ადგილზე ვერ ნახეს ის საგანი, რითაც პატიმარი დაზიანებას მიიყენებდა. ეს თვითმკვლელობის ვერსიას ძალიან საეჭვოს ხდის".

კომენტარები