ხე-ტყე

გარემოს დაცვის სამინისტრომ 95 უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 1 იანვრიდან დღემდე, 20 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და სახერხი საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 75 ფაქტი გამოავლინეს.

უწყებაში აცხადბენ, რომ ამოღებული და დალუქულია 20 ერთეული უკანონო სახერხი დანადგარი და მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება.

სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, შედგენილია ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128 მე-3 პრიმა მუხლის 3 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯარიმას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ, ხოლო არარეგისტრირებული სახერხი საამქროს აღმოჩენის შემთხვევაში – აგრეთვე მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის, თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის კონფისკაციით). ასევე, შედგენილია ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128 მე-3 პრიმა მუხლის 4 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯარიმას 4000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით.

"უკანონო სახერხი საამქროების ფუნქციონირება ხელს უწყობს ხე-ტყით უკანონო სარგებლობას და არაერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან არის დაკავშირებული: პირველ რიგში, ასეთი საამქრო არ არის დარეგისტრირებული მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ხდება საამქროში შესული და გადამუშავებული ხე-ტყის ელექტრონული რეგისტრაცია, აღრიცხვა და კონტროლი. ასევე, არარეგისტრირებულ საამქროში ხვდება და გადამუშავდება უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, რომელსაც არ აქვს არც წარმოშობის დამადასტურებელი და არც ტრანსპორტირებისთვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტი.

სირთულეს წარმოადგენს უკანონო სახერხი საამქროების ადგილმდებარეობის დადგენაც, ვინაიდან, როგორც წესი, ისინი მოწყობილი აქვთ საცხოვრებელ სახლებში, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულ ისეთ ადგილებში, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო ჭრასთან უკომპრომისო ბრძოლაა გამოცხადებული და გამკაცრებული სანქციების პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აგრძელებენ აქტიურ მუშაობას მსგავსი ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად.

ცნობისთვის, ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სანქციები მკაცრდება. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შევა.

კომენტარები