დანია

დანიის პრინცი ჰენრიკი გარდაიცვალა, მისი თხოვნით, დედოფლის გვერდით არ დაკრძალავენ

AP

დანიის პრინცი ჰენრიკი, დედოფალ მარგრეტე II-ს ქმარი, დღეს, 14 თებერვალს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეფო ოჯახი ადასტურებს. 

პრინცი, რომელსაც გასულ წელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს და გასულ თვეს ფილტვის ინფექციის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჩრდილოეთ კოპენჰაგენში მდებარე სასახლეში, დედოფლისა და ორი შვილის გვერდით "მშვიდად, ძილში გარდაიცვალა".

ჰენრიკი გარდაცვალებიდან ერთი დღით ადრე წავიდა საავადმყოფოდან სასახლეში, რადგან თქვა, რომ თავისი ცხოვრების ბოლო მომენტების გატარება მშვიდად სურდა. 

პრინცი ჰენრიკი 1934 წელს საფრანგეთში დაიბადა, 1967 წელს კი იმ პერიოდში ჯერ კიდევ პრინცესა მარგრეტზე იქორწინა. 

მას შემდეგ, რაც მარგრეტი დედოფალი გახდა 1972 წელს, ჰენრიკს არაერთხელ განუცხადებია საჯაროდ, რომ ძალიან აწუხებს ფაქტი, რომ მას მეფის წოდება არ მიანიჭეს. მან ოფიციალური პასუხისმგებლობებისგან თავი 2016 წელს გაითავისუფლა, მომდევნო წელს კი განაცხადა, რომ მას არ სურდა, დაეკრძალათ თავისი ცოლის გვერდით, რომელმაც ის თანასწორი არასდროს გახადა. 

"არ არის საიდუმლო, რომ პრინცი ბევრი წლის მანძილზე განიცდიდა საკუთარ როლს და იმ ტიტულს, რომელიც მას დანიურ მონარქიაში მიანიჭეს. ეს უთანხმოება წლებთან ერთად სულ უფრო მეტად იზრდებოდა,"- თქვა ლენ ბალბიმ, სასახლის კომუნიკაციების დირექტორმა. 

77 წლის დედოფალი ქმრის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, რითიც 459-წლიანი ტრადიცია დაირღვა. 

კომენტარები