საპენსიო რეფორმა

საია: საპენსიო რეფორმა არაკონსტიტუციურია

benjielayug.com

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მთავრობის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმა არაკონსტიტუციურია. ორგანიზაციის დასკვნით, კანონპროექტი კონსტიტუციის 94-ე მუხლს, ანუ თავისუფლების აქტს ეწინააღმდეგება, რომლის შედეგადაც ქვეყანაში რეფერენდუმის გარეშე გადასახადების შემოღება იზღუდება. შესაბამისად, საიას აზრით, საპენსიო რეფორმის მიღებას რეფერენდუმი ესაჭიროება.

მთავრობის გეგმის მიხედვით, საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. წინასწარი პროექტის მიხედვით, მათი თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით:

  • დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს.
  • დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს.
  • სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.

მივიღეთ ფორმულა 2%+2%+2%, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად დასაქმებულის მთლიანი (და არა ის, რასაც ხელზე იღებს) ხელფასის 6% დაიზოგება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, გადასახადად უნდა ჩაითვალოს მოქალაქეთა მიერ გადახდილი ის თანხა, რაც არა საპენსიო ანგარიშზე, არამედ ფონდის ადმინისტრაციის შენახვისთვის იხარჯება. ეს კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხის მაქსიმუმ 1% შეიძლება იყოს. 

საიამ აღნიშნულთან დაკავშირებით ეკა ბესელიას, აკაკი ზოიძეს, ირაკლი კოვზანაძეს, რომან კაკულიასა და სოფიო კილაძეს წერილი გაუგზავნა.

"რამდენადაც, საპენსიო შენატანი წარმოადგენს სავალდებულო გადასახდელს, მისი ნაწილი მიემართება საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დასაფინანსებლად, ზრდის ხარჯებს, ამცირებს შემოსავალს, დამსაქმებელთა შემთხვევაში არ ექვემდებარება დაბრუნებას, ხოლო დასაქმებულებთან მიმართებით დამოკიდებულია სააგენტოს გამართულ ფუნქციონირებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ის გაიგივებული უნდა იქნეს გადასახადისა და მოსაკრებლის სამართლებრივ ბუნებასთან და უნდა მოექცეს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის რეგულირების სფეროში.

შესაბამისად, რამდენადაც, სავალდებულო საპენსიო შენატანი ამ დრომდე არ ყოფილა გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, გამოდის, რომ ხდება გადასახადის ახალი სახის შემოღება, რაც მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი. შესაბამისად, იმისათვის რომ დაკმაყოფილებული იქნეს საკუთრების უფლების შეზღუდვის ფორმალური კრიტერიუმები სავალდებულო საპენსიო შენატანების, შემოთავაზებული სახით მიღება, მხოლოდ რეფერენდუმის საფუძველზე - ხალხის მაქსიმალური ჩართულობის ფონზე უნდა განხორციელდეს", - წერია საიას განცხადებაში

მთავრობა გეგმავს დააჯარიმოს ყველა კომპანია, ვინც სისტემაში თანამსრომლების ჩართვაზე უარს იტყვის. შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს და მისთვის ჯარიმად 1000 ლარი განისაზღვროს.

"დამსაქმებლის მიერ საპენსიო სააგენტოში დასაქმებულის საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულების დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, - იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით", - წერია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში.

რეფორმა ქვეყანაში სამუშაო ძალის გაძვირებას გამოიწვევს

საპენსიო რეფორმა ვალდებულებებს დამსაქმებლებსაც აკისრებს, მათ ფონდში დასაქმებულის ხელფასის 2%-ის მოცულობის შენატანები უნდა განახორციელონ, რაც კომპანიებისთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს. დასაქმებულისგან განსხვავებით დამსაქმებლებს არჩევანი არ აქვთ, თუ დასაქმებული ფონდში მონაწილეობას დათანხმდა, მის დამსაქმებელს სხვა გზა არ რჩება, და ისიც ავტომატურად ერთვება სქემაში, ეს კი მათთვის ახალი გადასახადის დაწესებასთან საკმაოდ ახლოსაა. სქემაში ჩართვის შემდეგ კომპანიებს სამი არჩევანი აქვთ:

  • დასაქმებულის საპენსიო ფონდში ჩარიცხონ დასაქმებულის ხელფასის 2% ისე, რომ დასაქმებულის ხელფასის მოცულობა არ შემცირდეს. ამ შემთხვევაში, დამსაქმებლის ხარჯები იზრდება. მაგალითად, თუ ხელფასია 1000 ლარი, დასაქმებულის ხელფასი დარჩება 1000 ლარი და ამასთან ერთად, დამსაქმებელი კიდევ 20 ლარს ჩარიცხავს ფონდში. ჯამში დამსაქმებლისთვის დასაქმებულის ხარჯი გაიზრდება 20 ლარით.
  • დამსაქმებლებს შეუძლიათ, საპენსიო ფონდში ჩასარიცხი 2% მოაკლონ დასაქმებულის ხელფასს და ისე მიმართონ საპენსიო ფონდში. ამ შემთხვევაში დამსაქმებლის ხარჯები უცვლელია, მაგრამ დასაქმებულის ხელფასი 2%-ით მცირდება.
  • ნებისმიერი სახის თანაფარდობა ხელფასის 2%-ით შემცირებასა და დასაქმებულის შენახვის ხარჯების 2%-ით ზრდას შორის.

საპენსიო რეფორმის ეს ნაწილი ყველაზე მეტად ჰგავს ბიზნესისთვის ახალი გადასახადის დაწესებას, რადგანაც დასაქმებულთა ნაწილისგან (40-წელზე უფროსების) განსხვავებით, დამსაქმებლებებს არანაირი არჩევანი არ აქვთ. თუ მათი დასაქმებული ფონდში გაწევრიანებას გადაწყვეტს, მათაც სავალდებულო პრინციპით უნდა განახორციელონ კონტრიბუციები.

კომენტარები