საგადასახადო შეღავათები

მთავრობა მცირე მეწარმეებს ბრუნვის გადასახადს ხუთჯერ შეუმცირებს

პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ახალი საგადასახადო შეღავათები წარადგინა. პროექტის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსი გაიზრდება და ის დღეს არსებული 100,000 ლარიდან 500,000 ლარამდე ბრუნვის საწარმოებზეც გავრცელდება. ამავდროულად, შემცირდება ბრუნვის გადასახადი და ის 1% გახდება.

"ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს მცირე მეწარმეებისათვის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესებას. კერძოდ, მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს და 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი. ამასთან მცირე ბიზნესად დღეს თუ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, ამ კატეგორიაში 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობით დაკავებული ადამიანებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი შემცირება საგადასახადო ტვირთის და, რა თქმა უნდა, წახალისება ახალი მეწარმეებისა, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება", - ამბობს კვირიკაშვილი.

ცვლილება მთავრობის დამტკიცების შემდეგ განსახილველად პარლამენტს გაეგზავნება. 

კომენტარები