აშშ-რუსეთი

მნუჩინი: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესებაზე მუშაობს

AP

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სტივენ მნუჩინმა თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს რუსეთისათვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით ახალი სანქციების შემოღების ვადას ვერ დაასახელებენ და სხვა ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის მოკავშირეების მხრიდან სანქციების სიაში შეყვანილ რუსულ მიმწოდებლებთან სამხედრო კონტრაქტების გაწყვეტას დრო დასჭირდება.

გავრცელებული ცნობით სანქციები ე.წ. "კრემლის სიაში" შეყვანილ პირებსაც დაუწესდებათ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. "კრემლის სია" აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 29 იანვარს გამოაქვეყნა და მასში პუტინის უახლოესი გარემოცვა მოხვდა, მათ შორის 114 პოლიტიკოსი და 96 ოლიგარქი. მაშინ სამინისტრომ განმარტა, რომ ეს ახალი სანქციების სია არ არის და ასევე განაცხადა, რომ კონგრესს მეორე ანგარიშიც მიაწოდეს, რომლის შინაარსი არ საჯაროვდება, თუმცა შესაძლოა სხვა სახელებს და სანქციებსაც შეიცავდეს.

"კრემლის სიის" მიზანი იმ ინდივიდების იდენტიფიცირება იყო, ვინც ქონება კრემლთან უკანონო კავშირებით შეიძინა, თუმცა კონგრესისათვის წარდგენამდე ეს ანგარიში რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნების და ოლიგარქების სიით შეიცვალა. უცნობია ვინ შეცვალა ანგარიში. კრიტიკოსებმა ახალ ანგარიშს კრემლის სატელეფონო წიგნაკის ამონარიდი უწოდეს.

კომენტარები