მუქარა ტაბულას ჟურნალისტებზე

პირი, რომელიც ტაბულას ჟურნალისტებს ემუქრებოდა, პირობითი სასჯელით გათავისუფლდა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

გოჩა მაისურაძე, რომელიც ტაბულას ჟურნალისტებს ემუქრებოდა, დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის პოზიცია იყო, რომ ის კანონმდებლობის შესაბამისად დასჯილიყო.

"პროკურატურის პოზიცია იყო, რომ ის დასჯილიყო კანონმდებლობის შესაბამისად. მოსამართლემ მიუსაჯა 9 თვე, რომელიც პირობითად ჩაუთვალა და ერთწლიანი გამოსასწორებელი ვადით გამოუშვა სასამართლო დარბაზიდან", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მაისურაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებული საპროცესო შეთანხმებას ითხოვდა, რაზეც ტაბულამ თანხმობა მისცა და თანამშრომლების დაცვის გარანტია მოითხოვა.

გოჩა მაისურაძე ტაბულას ოფისში 2017 წლის 17 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში მოვიდა და დაინტერესდა, რა ორგანიზაციაში იმყოფებოდა და რატომ ხედავდა ჩვენი ოფისის აივანზე ლევან სუთიძეს, რომელიც ტაბულას ჟურნალისტი და გადაცემის "საუბარი რელიგიაზე" წამყვანია. მას შემდეგ, რაც მაისურაძემ შეიტყო, რომ ტაბულას ოფისია, დაიმუქრა, რომ თუ ერთი თვის ვადაში მას არ დავცლით, "აქაურობას გადაწვავს". ამის შემდეგ, ის ეზოში გავიდა და აივნის წინ ყვირილი დაიწყო. 

გოჩა მაისურაძე ამტკიცებდა, რომ ომის ვეტერანი და სნაიპერია. ის დიდი ხნის მანძილზე აკვირდებოდა ტაბულას რელიგიის მიმომხილველს, ლევან სუთიძეს, უყურებს მის გადაცემებს და აკეთებს მის პაროდიას. 

მაისურაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსაც დაუდასტურა, რომ თუკი ოფისს არ დავცლიდით, გადაწვავდა და "შემსრულებელი" იყო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გოჩა მაისურაძეს 19 ნოემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განმარტებით, სასამართლოს მიერ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაუდო ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეების არსებობა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ლევან სუთიძეს და ტაბულას სხვა ჟურნალისტებს, მათი საქმიანობის გამო, 2016 წლის 12 იანვარს რესტორან "ჭაშნაგირში" თავს დაესხნენ. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის მოტივადაც მათი პროფესიული საქმიანობა დაასახელეს.

საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156 მუხლით მიმდინარეობდა, რაც სიტყვის, აზრის ან მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჯგუფურად ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას გულისხმობს. საქმე სასამართლოშია, თავდამსხმელები კი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები