ემრე ჩაბუქის საქმე

ემრე ჩაბუქის საქმის არაკონსტიტუციური გარემოებები

ანა გვარიშვილი
0 კომენტარი

დაუშვებელია სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის                              საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 47

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს თურქეთის სახელმწიფოს მოთხოვნით დააპატიმრეს. თურქეთი მის დაკავებას ტერორისტულ ორგანიზაციასთან "ფეტოსთან" სავარაუდო თანამშრომლობის გამო ითხოვდა. თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის ივლისში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას სწორედ "ფეტოსა" და მის რელიგიურ ლიდერს, ფეთჰულა გიულენს უკავშირებს. 

თუმცა, ჩაბუქის ადვოკატების მტკიცებით, საქმის მასალებში, რომელიც მათ თურქული მხარისგან მიიღეს, არ დასტურდება ჩაბუქის კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

თურქეთი ემრე ჩაბუქის ექსტრადირებას ითხოვს, ბრალდებული კი საქართველოსგან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას. საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ თურქეთის ციხეებში ვითარება გაუმჯობესებულია. მინისტრ სუბარისთვის საკმარისი აღმოჩნდა თურქეთის მხრიდან მიღებული სტანდარტული გარანტიები, რომელიც საქართველოს პროკურატურამ მიიღო. 

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და მიუთითებენ, რომ თურქეთის ე.წ სამხედრო გადატრიალების მცდელობის და საგანგებოო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ციხეებში პატიმრების უფლებები მასობრივად ირღვევა. Human Rights Watch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის პოლიცია ხშირად მიმართავს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრება პატიმრებს გაუპატიურებით, საათების განმავლობაში აიძულებს მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში ყოფნას, ამყოფებს წყლის, საკვებისა და ძილის გარეშე. თურქეთის ციხეებში მძიმე ვითარებაზე საუბრობს Amnesty International-იც 2016-2017 წლის ანგარიშში.

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სამინისტროს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. უარის მიღების შემდეგ კი, სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ჩაბუქის ადვოკატი ვახტან კვიჟინაძე ამბობდა, რომ ქართული სასამართლოებისგან უარის მიღების შემთხვევაში, დავას ევროსასამართლოში გააგრძელებდა.

კონსტიტუციონალისტები ტაბულასთან საუბრისას აცხადებენ, რომ არც სამინისტროს და არც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს თავისი გადაწყვეტილება დასაბუთებული არ ჰქონიათ. 

"სამწუხაროდ, როგორც საქალაქო სასამართლომ, ასევე, სააპელაციო სასამართლომ პირისადმი ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საქმის განხილვისას, გაიზიარა ის ძალიან სუსტი არგუმენტები, რომლებიც ჰქონდა თავის დროზე წარმოდგენილი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. ის, რომ ადამიანი, შესაძლებელია თურქეთის სახელმწიფოში აღმოჩნდეს ევროპული სტანდარტის ციხეებში და ის იქ არ დაექვემდებარება რაიმე სახის არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ეს არგუმენტი ძალიან არასერიოზულია. იმ ფონზე, როდესაც მარტო 2016 წლის შემდგომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მსგავსი ბრალდებით საქმეებთან დაკავშირებით 12 000 განაცხადია შესული თურქეთიდან, რაც შემაშფოთებელი რიცხვია, როცა 100 000-ზე მეტი ადამიანი იქნა მსგავსი არგუმენტებით დათხოვნილი საჯარო სამსახურიდან, როდესაც 2 200 მოსამართლე, 25 000-მდე პედაგოგი გაათავისუფლა თურქეთის ხელისუფლებამ და რამდენიმე ასეულ საქმეზე მოითხოვა სხვადასხვა პირების გათავისუფლება. ეს ევროპის ქვეყნებიდან, თუ არ ვცდები, 59 საქმე იყო, როდესაც თურქეთმა ამ ე.წ. ფეთჰულა გიულენთან თანამშრომლობის ბრალდებით ადამიანების ექსტრადიცია მოითხოვა და არ ყოფილა ჯერჯერობით პრეცედენტი, რომ რომელიმე სახელმწიფოს ევროპიდან გადაეცეს პირი თურქეთის სახელმწიფოსადმი, რადგანაც დიახ, ეს სახელმწიფოები თვლიან, რომ თურქეთში იდევნებიან პოლიტიკური მოტივებით და მათ მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზნები,"- ამბობს კონსტიტუციონალისტი და GDI-ის თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე. 

სასამართლოების გადაწყვეტილების დასაბუთებას არასერიოზულად მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილიც. 

"ჩვეულებრივ, ქართული სასამართლოები არ გამოირჩევიან განსაკუთრებული სიმკაცრით აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. როგორც ჩანს, მათ მთლიანად დაუთმეს, აი, ამ დისკრეციულ გადაწყვეტილებაში ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რადგან იქ არ ჩანს, რომ სასამართლოებმა რამენაირად იმსჯელეს იმ მტკიცებულებებზე, რომელიც ამ საქმეში არსებობდა ან რამენაირად შეაფასეს თურქეთში არსებული ზოგადი ვითარება, კონკრეტულად ამ პიროვნებასთან დაკავშირებული ან ამ კონკრეტულ მოძრაობასთან [ფეტოსთან] დაკავშირებული გარემოებები და აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება. ანუ იმას, რასაც მათ შორის თავშესაფრის საკითხებზე, თუნდაც იგივე ევროპული სასამართლოები რუტინულად აკეთებენ. ცოტა უფრო მკაცრად ამოწმებენ ხელისუფლების გადაწყვეტილების გონივრულობას. მსგავსი რამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იკვეთება. თუმცა, როდესაც ექსტრადირების შემთხვევაში წამების საფრთხეს ეხება საქმე, მათ პირდაპირი ვალდებულება აქვთ განსაკუთრებულად მკაცრად შეამოწმონ გადაწყვეტილების მართებულობა და არ ენდონ იმას, რასაც მათ პროკურატურა ეუბნება," - ამბობს ზედელაშვილი. 

საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ემრე ჩაბუქის დაცვას ცდილობენ და აცხადებენ, რომ საქართველო ვალდებულია, ის თურქეთს არ გადასცეს. მათ რამდენიმე დღის წინ განცხადებაც გაავრცელეს და პრეზიდენტს მიმართეს, გამონაკლისის სახით ჩაბუქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს.

ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო 19 თებერვალს განიხილავს.

გიორგი მშვენიერაძე ტაბულასთან განმარტავს, რომ ჩაბუქის თურქეთის სახელმწიფოსთვის ექსტრადირება საქართველოს კონსტიტუციას შეეწინააღმდეგება. 

"საქართველოს კონსტიტუცია ქმნის გარანტიებს იმ პირებისათვის, რომლებიც საკუთარ სახელმწიფოებში ექვემდებარებიან პოლიტიკურ დევნას და აცხადებს, რომ დაუშვებელია, სხვა  სახელმწიფოს გადაეცეს პირი, რომელიც იქ, შესაძლებელია, დაექვემდებაროს სწორედ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ან რაიმე სახის დევნას. ემრე ჩაბუქის შემთხვევაშიც ზუსტად ანალოგიური სიტუაცია გვაქვს საქართველოში. მართალია, ფორმალურად, შესაძლებელია, თუკი ბუკვალურად, გრამატიკულად განვმარტავთ კონსტიტუციას, შეიძლება, ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ეს პირი თავის დროზე შემოხიზნული არ ყოფილა საქართველოში, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს ტერმინი, მისი ნამდვილი შინაარსი ჩაბუქზეც უნდა გავრცელდეს, რადგანაც ის საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს თავშესაფარს. თუკი სახელმწიფო, ჩვენი სასამართლოები მაინც მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილებას არაფერი ექნება საერთო არც კონსტიტუციურ წესრიგთან, რომელიც საქართველოშია განმტკიცებული და არც საერთაშორისო სამართალში ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებთან, რადგანაც დიახ, ემრე ჩაბუქი საკუთარ სახელმწიფოში პოლიტიკური შეხედულებების გამო დაექვემდებარება დევნას და ის, ასევე, შესაძლებელია, დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას და ეს რისკი აბსოლუტურად რეალურია,"- ამბობს მშვენიერაძე. 

დავით ზედელაშვილი კი განმარტავს, რომ ჩაბუქის საქმის განხილვა იქნება კიდევ ერთი ტესტი საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ. ზედელაშვილის თქმით, თუკი ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება მოხდება, სასამართლო დაარღვევს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს, არამედ საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებსაც. ზედელაშვილის თქმით, ჩაბუქის ექსტრადირებისა და შემდეგ იქ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაში, ქართულ სასამართლოს ძალიან გაუჭირდება თავისი გადაწყვეტილების სტრასბურგის სასამართლოსთვის დასაბუთება. 

"როგორ იღებენ გადაწყვეტილებას ასეთ შემთხვევაში - ჩვეულებრივ, გადაწყვეტილება მისაღებია სასამართლოების მიერ და სასამართლოები აქ არ უნდა ხელმძღვანელობდნენ საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, ეს არის მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენცია, რომელიც ამავე დროს საგარეო პოლიტიკურ იმპერატივებს არ უნდა აყენებდეს ადამიანის უფლებებზე წინ, მაგრამ ამ შემთხვევაში, სასამართლოების განსაკუთრებული ვალდებულებაა, რომ შეაფასონ ამგვარი საფრთხეები და იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციური და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ჩაბუქის შემთხვევაში, დამოუკიდებელ სასამართლოს, იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რასაც იყენებს თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ან სხვა ევროპული სასამართლოები, დასაბუთებული ვარაუდისთვის აუცილებელი მტკიცებულებების ერთობლიობა აქვს, რომ შეაფასოს რისკი არასათანადო მოპყრობისა, შესაძლო წამებისა და პოლიტიკური დევნისა. საქვეყნოდ არის ცნობილი თურქეთის მართლმსაჯულების სისტემასა და სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული არასათანადო მოპყრობის ძალიან სისტემატური და წლების განმავლობაში დამკვიდრებული პირობები. ერთიანობაში კონტექსტი სასამართლოს უნდა აძლევდეს საკმაოდ მყარი და გონივრული დასკვნის საშუალებას, რომ ეს ადამიანი, არათუ დაექვემდებარება იქ პოლიტიკურ დევნას, არამედ, შეიძლება, არსებობდეს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის, მათ შორის წამების საფრთხეც,"- ამბობს ზედელაშვილი. 

მუსტაფა ჩაბუქი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ის 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.

ჩაბუქის დაპატიმრებიდან მალევე, 2017 წლის 30 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დემირელის კოლეჯმა ავტორიზაცია ვერ გაიარა. 

ავტორიზაციაზე უარის თქმა უკანონოდ მიაჩია საქართველოს სახალხო დამცველმა. ომბუდსმენმა 2017 წლის 30 ნოემბერს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისათვის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა დემირელის სკოლის ფილიალს - შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს, რაც ორგანიზაცია TDI-მ არაკონსტიტუციურად შეაფასა.

მოვლენებს წინ უძღოდა 2016 წლის 16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულის, იასინ თემიზქანის განცხადება, რომელმაც თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შეფასებისას თქვა, რომ ბათუმში, შაჰინის სკოლა-ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები