პროკურატურამ ადევნების ფაქტზე ერთი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა

skyguard.co.uk

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ ერთი პირი ადევნების ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.

"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.პ. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურად როგორც პირადად, ისე მესამე პირების - მეგობრების მეშვეობით უკანონოდ უთვალთვალებდა ვ.მ.-ს, აკითხავდა როგორც სახლთან, ისე სახლში. ვ.მ.-სთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ტელეფონით და სოციალური ქსელით,  ურეკავდა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა თავისი და სხვა ადამიანების ტელეფონის ნომრებიდან, ასევე უცხო ადამიანების და ფოსტის საშუალებით უგზავნიდა საჩუქრებს. ზ.პ.-ს ქმედების შედეგად ვ.მ. ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა", - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, ზ.პ.-ს ბრალდება 2018 წლის 29 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 151¹ მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება) წარედგინა. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151¹ მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

151¹, ადევნების მუხლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 4 მაისიდან არსებობს და ეს არის პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

ადევნების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ტაბულამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, პროკურატურისგან და საერთო სასამრთლოებისგან გამოითხოვა. მიღებული პასუხების მიხედვით, 2017 წელს, შსს-მ ადევნების მუხლით გამოძიება 19 საქმეზე დაიწყო. მთავარი პროკურატურის ცნობით კი, ამავე პერიოდში სისხლის სამართლის კოდექსის 151¹ მუხლით (ადევნება) სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ. უწყება ასევე აცხადებს, რომ დევნის შეწყვეტისა და განრიდების მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებებს, 2017 წელს საერთო სასამართლოებში ადევნების მუხლით 6 საქმე შევიდა და ექვსივე განიხილეს. როგორც ტაბულას უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, 151¹ მუხლით სასამართლოს მიმართეს ხელვაჩაურში, ზუგდიდში, ქუთაისსა და სამტრედიაში.

კომენტარები