გამწვანება

ჩინეთმა ხეების დასარგავად 60,000 ჯარისკაცი გამოყო

China Photos/Getty Images

ჩინეთმა ხეების დასარგავად 60,000 ჯარისკაცი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას Asia Times ავრცელებს.

გეგმის თანახმად, ჯარისკაცები წლის ბოლომდე სულ ცოტა 84,000 კვადრატულ კილომეტრს გაამწვანებენ. შედარებისთვის, ირლანდიის ფართობი სულ 84,421 კვადრატული კილომეტრია.

სტატიის თანახმად, ჩინეთის მთავრობამ სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის და პოლიციის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი ჩრდილოეთის საზღვრის პოსტებიდან მოხსნა და მათ დასაქმებას შინაგანი გამწვანების ინიციატივაში გეგმავს.

ჯარისკაცების უმრავლესობა ხებეის პროვინციაში იმუშავებს, რომელიც გარს ერტყმის პეკინს და ჩინეთის ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ეპიცენტრია.  

სტატიის თანახმად, ინიციატივას ონლაინ სამხედრო ფორუმებზეც პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ჯარისკაცები ამბობენ, რომ ინიციატივას მხარს სიხარულით დაუჭერენ თუ მათ სამხედრო წოდებისა და უფლებების შენარჩუნების შესაძლებლობა ექნებათ.

ინიციატივის მიზანი 2020 წლისთვის ჩინეთის ტყით დაფარვის 21 პროცენტიდან 23 პროცენტამდე გაზრდაა.

ჩინეთის მეტყევეობის სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი მოუწოდებს გამწვანებით საქმიანობაში სპეციალიზირებულ ორგანიზაციებს და კომპანიებს, შეუერთდნენ ამ კამპანიას. მისი თქმით, მთავრობისა და სოციალური კაპიტალის თანამშრომლობა გამწვანების საკითხს პრიორიტეტად აქცევს.

კომენტარები