აუდიტის სამსახური

კალაძე: აუდიტის დასკვნა ადასტურებს, რომ მერია ამჟამად სწორი მიმართულებით მიდის

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა ადასტურებს, "რომ მერია ამჟამად სწორი მიმართულებით მიდის და რეფორმები, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ ეკოლოგიის და გამწვანების მიმართულებით, სწორი ნაბიჯია". ცნობისთვის, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, იმ ხეების 1/3, რომლებიც დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, 2015 წელს დაირგო, გახმა ან აღარ არსებობს. საუბარია 398,000 ხის 1/3-ზე ანუ დაახლოებით 132,000 ხეზე. ამავდროულად, აუდიტმა გამოავლინა გარემოება, რომ მერიამ საგაზაფხულო რგვებზე ხეების რაოდენობაზე 19,214-ით მეტი ორმო ამოთხარა.

კახა კალაძის განცხადებით, "ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ეფექტიანად დაიგეგმოს და განხორციელდეს გამწვანების ღონისძიებები და მიზნობრივად დაიხარჯოს თითოეული თეთრი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა კონკრეტულად ამ მიმართულებით“.

თბილისის მერის თქმითვე, "არ უნდა დავივიწყოთ, რომ გამწვანება საკმაოდ რთული, სპეციფიკური მიმართულებაა და მისი ღონისძიებები მხოლოდ დარგვით არ შემოიფარგლება. თითოეულ ნარგავს სჭირდება სათანადო მოვლა-პატრონობა, რათა შედეგი იყოს რეალურად გამწვანებული გარემო“.

კომენტარები