იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ანა დოლიძე მის მიმართ ბრალდებაზე: ეს არის ცილისმწამებლური კამპანია

facebook.com/PresidentMargvelashvili

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე მის მიმართ ბრალდებებს პასუხობს. საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა დღეს თქვა, რომ დოლიძე რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა. 

"ორგანიზაცია, რომელთანაც მე ვთანამშრომლობდი არის ჰოლანდიაში რეგისტრირებული, რომლის ამოცანა არის და იყო, რუსეთის გასამართლება ადამიანის უფლებების დარღვევისათვის. უმეტესი საქმეები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნეთში ჩადენილი დარღვევებისათვის სწორედ ამ ორგანიზაციის წარმოებულია. ეს არის ცილისმწამებლური კამპანია, რომლის მიზანია, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ იმაზე, რა სავალალო მდგომარეობაც არის სასამართლოში, რომ მოსამართლეები ჭორაობენ და გავარჩიოთ ვიღაცის ჭორები იმისთვის, რომ გაჩუმდეს ადამიანი, რომელიც არაკომფორტულ კითხვებს სვამს", - თქვა დოლიძემ. 

ანა დოლიძის და იუსტიციის საბჭოს წევრების ნაწილის დაპირისპირება დოლიძის დანიშვნისთანავე დაიწყო. 2 კვირის წინ საბჭოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობდა. თუმცა, რამდენიმე მოსამართლემ დოლიძის კრიტიკული კითხვების და პოზიციის გამო ანა დოლიძის აცილება მოითხოვა. 

დოლიძის აცილებას არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს მოვლენები პროცესის სანდოობას საფუძველს უთხრის. ორგანიზაციების განცხადებით, სულ უფრო მეტი მოსამართლე ითხოვდა გასაუბრების პროცესის დახურვას, რაც უარყოფითად აისახება საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობაზე და ზიანს აყენებს საზოგადოების ნდობას მოსამართლეების დანიშვნის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებების მიმართ.

კომენტარები