აუტიზმი

აუტიზმის ამოცნობა, შესაძლოა, ბიოლოგიური ტესტების საფუძველზე გახდეს შესაძლებელი

srilankafoundation.org

ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მომავალში აუტისტური სპექტრის აშლილობების (ასა) დიაგნოზის დასმა სისხლის და შარდის ანალიზებზე დაფუძნებით იქნება შესაძლებელი. მათი თქმით, მსგავსი ტესტი დიაგნოზის ადრეულ დასმას შეუწყობს ხელს, რაც წარმატებული თერაპიის წინაპირობაა.

უორიკის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად, მეცნიერებმა აუტიზმის მქონე ბავშვების სისხლის პლაზმაში ცილების დაზიანების მაღალი კოეფიციენტი აღმოაჩინეს. ისინი ამბობენ, რომ თუ აღმოჩენა სხვადასხვა ჯგუფების განმეორებითმა კვლევამ დაადასტურა, ასა-ს დიაგნოზის დასმა ანალიზებზე დაყრდნობით იქნება შესაძლებელი.

ექსპერტების თანახმად, დიაგნოსტიკის ამ მეთოდის შემუშავებასა და განვითარებას ბევრი დრო სჭირდება. მათი თქმით, ამ მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია.

ამჟამად, აუტისტური სპექტრის აშლილობების დიაგნოსტიკა ფსიქოლოგიურ ანალიზსა და ქცევით შეფასებას ემყარება. აუტიზმისთვის დამახასიათებელია შეფერხება ლაპარაკში, არავერბალურ კომუნიკაციასა და სოციალური უნარჩვევების განვითარებაში. რადგან აუტიზმის ნიშნები ძირითადად 2 წლის ასაკის შემდეგ ვლინდება, ადრეული დიაგნოზის დასმა ხშირ შემთხვევაში პრობლემურია.

ბიოლოგიური ტესტის შემუშავება მნიშვნელოვანი ნაბიჯია აუტიზმის კვლევაში, რადგან 3 წლის ასაკამდე დაწყებული ინტენსიური თერაპიის შედეგად, სპექტრზე მყოფ ბავშვთა უმრავლესობას განვითარებაში საგრძნობი წინსვლა აღენიშნება.

 

კომენტარები