ნატო-საქართველო

ჯანელიძე: NATO-ს მე-5 მუხლის დროებითი არგავრცელება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ განიხილება

მიხეილ ჯანელიძე
ტაბულა

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის თქმით, Heritage International-ის საერთაშორისო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ლუკ კოფის, ინიციატივა, საქართველო გაწევრიანდეს ნატოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლის დროებითი არგავრცელებით, ამჟამად დისკუსიის საგანს არ წარმოადგენს. 

ამის შესახებ მინისტრს კითხვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დაუსვა. 

"რაც შეეხება ნატოში გაწევრიანების თემას, მე-5 მუხლის არ გავრცელებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც ასახულია ბატონ ლუკ კოფის მოხსენებაში. ჯერ ერთი, ეს არ არის რაღაც ახალი იდეა, რომელიც გააჟღერა ბატონმა ლუკ კოფიმ. ზოგადად, პრეცედენტები ამ მუხლის არგამოყენების მთლიან ტერიტორიაზე არსებობს ნატოში, ამიტომ, აქ სიახლე არაფერი არ არის. ხოლო, რაც შეეხება საქართველოს და ნატოს დღევანდელ დისკუსიას, ეს არ არის დისკუსიის შემადგენელი ნაწილი, რადგან ნატოს და საქართველოს აქვთ ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული დღის წესრიგი ინტეგრაციის, შესაბამისი ფორმატებით, შესაბამისი ინსტრუმენტებით, რომელიც აღიარებულია ნატოს და წევრი ქვეყნების მხრიდან, როგორც ყველა ინსტრუმენტი და ყველა გზა, რომლითაც ჩვენ მივდივართ ნატოში წევრობისკენ და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ უზრუნველვყოთ პოლიტიკური კონსენსუსი ნატოს წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით. ეს არის მიზანი და ამ მიზნით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ,"- თქვა ჯანელიძემ. 

რას გულისხმობს მე-5 მუხლი და მისი დროებითი არგამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, ნატოს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სახელმწიფოს. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. 

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 29 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა "ნატოს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში". კვლევაში წერია, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია შესაძლებელია 1949 წლის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესწორებით მოხდეს, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არგავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

ამ საკითხზე ლუკ კოფის ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილიც ესაუბრა. ნახეთ ინტერვიუ და გაიგეთ მეტი დეტალი. 

კომენტარები