კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

GNCC: TI-მ უნდა უარყოს ჩვენი წევრის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცრუ ინფორმაცია

idfi.ge

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიმართავს, "უარყოს კომისიის წევრის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცრუ ინფორმაცია". GNCC-ის განცხადებით, კომისიის წევრის მერაბ ქათამაძის საგანმანათლებლო ხარისხი უთანაბრდება ელექტრონული კომუნიკაციების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.

"შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოითხოვს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” დაუყოვნებლივ უარყოს მის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ კომისიის წევრის მერაბ ქათამაძის დიპლომი ვერ აკმაყოფილებს თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს" - აცხადებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და აღნიშნავს, რომ მათ საკითხის შესასწავლად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიმართეს.

"საპასუხოდ, 2018 წლის 15 თებერვალს კომისიამ მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის წერილი, სადაც ნათქვამია, რომ "მერაბ ქათამაძის დიპლომი, სპეციალობით „მართვის ავტომატიზებული სისტემები“, ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის კვალიფიკაციით უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებით".

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 18.3-ის თანახმად, „თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით“ - აცხადებს კომისია და მიმართავს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, დაუყოვნებლივ უარყოს გავრცელებული ინფორმაცია.

კომენტარები