ბესელია: მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემქნა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია

ტაბულა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს. ბესელიას თქმით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმა ამ საქმეზე მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია. 

"საჭიროა, ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეები პოლიტიკური პროცესისგან დისტანცირებული იყოს, რადგან მათ მიმართ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ინტერესის თვალსაზისით, მეტი ყურადღება არის. სწორედ ამ არგუმენტით, ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერდი. ამ კომისიის შექმნა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან ეს ამ საქმის პოლიტიზირებას იმაზე უფრო მეტად მოახდენს, ვიდრე ამას ჩვენი ოპონენტები ცდილობენ." - ამბობს ბესელია. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ევროპული საქართველო ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში ითხოვდა. კომისიი შექმნის მოთხოვნით პარლამენტს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც მიმართა. შესაბამისი კომისიის შექმნას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 იანვარს მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება.

კომენტარები