ტელეკომპანია იბერია

"ოცნების" დეპუტატი იბერია TV-ზე: შანტაჟის სუნი ასდის და ამ ქვეყანაში შანტაჟი ისჯება

ლევან გოგიჩაიშვილი
ქართული ოცნება

ქართული ოცნების დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, "არასერიოზულია, თითქოს ხელისუფლება რაღაცაში ერეოდეს ან რამე ინტერესი გააჩნდეს". გოგიჩაიშვილი სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ საფრთხეზე ტელეკომპანია იბერიას ჟურნალისტების განცხადებას გამოეხმაურა.

"განცდა დამრჩა, რომ ამ კომპანიას თავის კონკურენტ კომპანიასთან პრობლემები აქვს და ამას აბრალებს სახელმწიფოს. ცოტა შანტაჟის სუნი ასდის და ამ ქვეყანაში შანტაჟი ისჯება“ - თქვა გოგიჩაიშვილმა რუსთავი 2-თან.

ტელეკომპანია იბერიის ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ არხზე ფინანსური დარტყმა მიზანმიმართულად ხდება, რათა ტელეკომპანიამ თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით მაუწყებლობა ვეღარ გააგრძელოს.

"ტელეკომპანია იბერიას მთავარი დამფინანსებელი არის ომეგა ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები, რომელიც სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. კომპანია ომეგა დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს ტელეკომპანია იბერიას. არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით.

ტელეკომპანია იბერია არის ტელევიზია, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ხდება მიუღებელი და დევნის ობიექტი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ჩვენ, ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღკვეთოს ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები", - განაცხადა ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა.

კომენტარები