აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ოლიმპიადაზე ჩრდილოეთ კორეის დელეგაციამ მაიკ პენსთან შეხვედრაზე უარი თქვა

POOL

გავრცელებული ცნობით, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი, მაიკ პენსი სამხრეთ კორეაში გამართულ ზამთრის ოლიმპიადაზე ჩრდილოეთ კორეის დელეგაციას უნდა შეხვედროდა, თუმცა მათ შეხვედრაზე უარი უკანასკნელ მომენტში თქვეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ჰეზერ ნაუერის თქმით, ოლიმპიადაზე მაიკ პენსისა და ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის ხანმოკლე შეხვედრის შესაძლებლობა გაჩნდა და პენსი მზად იყო გამოეყენებინა ეს შანსი, თუმცა უკანასკნელ მომენტში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

ჩრდილოეთ კორეის დელეგაციაში კიმ ჩენ ინის და, კიმ იო-ჯონგიც იყო. ეს ჩრდილოეთ კორეასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის პირველი შეხვედრა იქნებოდა. ოფიციალურ ფხენიანს შეხვედრის ჩაშლის მიზეზებზე განმარტება არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შეხვდა და მას კიმ ჩენ ინისაგან ფხენიანში მიწვევა გადასცეს.

კომენტარები