აფგან მუხთარლი

ხოშტარია მუხთარლიზე: პრესტიჟის საქმეა, პრემიერი არ იყოს ბრალდებული მძიმე დანაშაულში 

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

ხოშტარიას თქმით, ეს არ არის მხოლოდ ევროპული საქართველოს პარტიული საკითხი. 

"ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ჩვენი პრესტიჟისთვის, ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისთვის. ეს არის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია პარლამენტისთვის, როგორც ინსტიტუტისთვის, იმიტომ რომ დღეს სწორედ პარლამენტის ჯერია, აიღოს პასუხისმგებლობა, შევამციროთ ქვეყნის ზიანი და არ დავტოვოთ ისე, რომ არავინ პასუხისმგებელი აქ არ იყოს. იყო განცხადებები, რომ ვაცალოთ გამოძიებას. მე მესმის, რომ ჩვენ შორის ნდობის სხვადასხვა ხარისხია გამოძიების მიმართ, ჩვენ ნაკლებად ვენდობით, თქვენ მეტად ენდობით, ისიც მესმის, რომ ეჭვები ჩვენთვის მეტად ნათელი იყო, რომ ქალაქის შუაგულიდან ქრება და უცებ მეორე ქვეყანაში დაკავებული ჩნდება, დოკუმენტების გარეშე, ჩვენთვის ნათელია, რომ ეს ვერ მოხდება ხელისუფლების ჩარევის გარეშე, თუმცა გიტოვებთ უფლებას, რომ თქვენ ენდობოდეთ გამოძიებას და ნაკლები ეჭვი გქონდეთ, მაგრამ არ არსებობს არც ერთი საღი არგუმენტი, მას შემდეგ, რაც 8 თვის განმავლობაში არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, არც ერთ კითხვაზე არ გაცემულა პასუხი და მეტი და მეტი კითხვა ჩნდება. კითხვები, რომლებსაც სვამს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, კითხვები, რომლებსაც სვამს ევროპარლამენტი თავისი რეზოლუციით. პრემიერმინისტრი არის ჩვენი ყველას პრემიერმინისტრი და ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რომ არ იყოს ბრალდებული ასეთ მძიმე დანაშაულში. ჩვენი ყველას ვალია, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, რომ სერიოზულად მოვეკიდოთ ამ საკითხს", - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ციხიდან 2 დღით, ოჯახის დაღუპული წევრების ორმოცზე დასასწრებად გაათავისუფლეს, რუსთავი 2-თან თქვა, რომ საქართველოდან მისი გატაცების უფლება კვირიკაშვილმა მისცა და ეს ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმაც იცოდა. 

აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 იანვარს მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება.

კომენტარები