სირია

ასადის ძალები აფრინში თურქეთთან ბრძოლაში ქურთი მებრძოლების დასახმარებლად ჩავიდნენ

Reuters

გუშინ თურქეთმა სირიის ქალაქ აფრინზე ქურთების პოზიციები დაბომბა, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე სირიის მთავრობის მხარდამჭერი ძალებიც შევიდნენ.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით თურქული ძალები ქალაქ აფრინს მალე ალყაში მოაქცევენ.

"ჩვენ იქ არ წავსულვართ იმისათვის, რომ გადავწვათ." თქვა მან და დასძინა, რომ ოპერაციის მიზანი უსაფრთხო საცხოვრებელი ტერიტორიის შექმნაა, სადაც თურქეთში მყოფი სირიელი მიგრანტები შეძლებენ დაბრუნებას.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ აფრინზე თავდასხმა ოპერაცია "ზეთისხილის რტოს" ფარგლებში გასულ თვეს დაიწყო და მათი განცხადებით ოპერაციის სამიზნეს ქურთი ტერორისტების განადგურება წარმოადგენს. ოპერაციას მხარს სირიელი ამბოხებულებიც უჭერენ.

გავრცელებული ცნობით, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ძალებს თურქეთის და მათი მოკავშირე სირიელი ამბოხებულების წინააღმდეგ დახმარება ქურთმა მებრძოლებმა სთხოვეს.

ბაშარ ალ-ასადის ძალები სირიელ ამბოხებულებს დამასკოს გარეთ, აღმოსავლეთ ღუტაშიც ებრძვიან. ქალაქზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს უკანასკნელი 2 დღის მანძილზე 250-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

აშშ-მა გაზრდილ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ჰეზერ ნაუერის თქმით ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს და სირიის რეჟიმმა აღმოსავლეთ ღუტას ალყა უნდა მოხსნას.

კომენტარები