საგზაო დეპარტამენტი

ნადირაშვილი: საგზაო დეპარტამენტში მაღალი დონის, ტოტალური კორუფციაა

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრმა, ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში საგზაო დეპარტამენტში კორუფციული სქემების შესახებ ისაუბრა. მან საინფორმაციო სააგენტო ipress-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგინა და თქვა, რომ რამდენიმე დღეში საზოგადოებას პარტიის მოკვლევის შედეგებსაც გააცნობს. 

ნადირაშვილმა თქვა, რომ საგზაო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები მასობრივად გადადიან სამუშაოდ იმ კერძო კომპანიებში, რომელთაც ამავე დეპარტამენტის ტენდერები აქვთ მოგებული. 

უფრო კონკრეტულად: 

"ზაზა სიმონია, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სამუშაოდ გადავიდა ჩინურ კომპანია სინო ჰიდროში. ამ კომპანიამ 253 მილიონიანი ტენდერი მოიგო. 

მეორე მოადგილე, ირაკლი ხერგიანი, ასევე გადავიდა კომპანიაში დოჰვა ინჟინერიაში,.

გივი ჩოჩია, დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, სამუშაოდ გადავიდა კომპანია POLAT YOL & MAPA-ში, რომელმაც ბათუმის შემოვლითი გზის ტენდერი მოიგო. 

საგანგაშო ფაქტი გახლავთ ის, რომ ეს ადამიანები იყვნენ სატენდერო კომისიის წევრები და უშუალოდ მიიღეს გადაწყვეტილება, ტენდერში გაემარჯვა იმ კომპანიას, სადაც შემდგომში სამუშაოდ გადავიდა. ეს სქემა თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ დეპარტამენტის თავმჯდომარის, ბატონი სეთურიძის ნოუ ჰაუდ. გამარჯვებულ კომპანიებში მოადგილეების ჩასმა არის პირდაპირი გზა, მომიტევეთ ჟარგონისთვის, "ატკატების" მისაღებად.

უფრო მეტიც, გვაქვს შემთხვევა, როდესაც ბატონი სეთურიძის მოადგილე გახდა ხორვატული კომპანიის თანამშრომელი პაატა აბუთიძე. ეს კომპანია გზების მშენებლობის ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი. 

ბატონმა სეთურიძემ, ხელი ხელს ბანს და ორივე პირს გაიგო პირდაპირი მნიშვნელობით. ის საკუთარი მოადგილეების საშუალებით აკონტროლებს ფინანსურ ნაკადებს როგორც გზების მშენებლობაში,  ასევე ზედამხედველობაში

მე მაინტერესებს, ბატონ სეთურიძეს პატრონი ყავს? ვინ არის ზედამხედველი მის ამ უკონტროლო ქმედებაზე. რა ინფორმაციას ფლობს ამ ყველაფერზე ინფრასტრუქტურის მინისტრი, ბატონი ალავიძე და რა ინფორმაციას ფლობს ამაზე პრემიერი კვირიკაშვილი", - თქვა ირმა ნადირაშვილმა. 

კომენტარები