ბილი გრემი

99 წლის ასაკში გარდაიცვალა ყველაზე გავლენიანი ამერიკელი პასტორი, ბილი გრემი

ბილი გრემი

გავლენიანი ამერიკელი პასტორი, ბილი გრემი, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში ქადაგებისა და აქტივიზმის შედეგად მნიშვნელოვნად შეცვალა აშშ-ის რელიგიური ცხოვრება, იყო ამერიკის პრეზიდენტების მრჩეველი და ყველაზე ფართო აუდიტორიის მქონე ევანგელისტი მქადაგებელი ისტორიაში, 21 თებერვალს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ჰარი ტრუმანიდან მოყოლებული, ის იცნობდა ამერიკის ყველა პრეზიდენტს. წარმოთქვამდა ქადაგებებს საპრეზიდენტი ინაუგურაციებზე. 

ღირსმა ბილი გრემმა შექმნა კონსერვატორ ქრისტიანთა დიდი და გავლენიანი ასოციაცია მსოფლიოს 185-ზე მეტ ქვეყანაში. გავლენის მასშტაბის გამო, მეტსახელად მას "ამერიკის პასტორს" ეძახდნენ. ბილი გრემის ქრისტიანთა ასოციაციის ხელმძღვანელობა მისმა ვაჟმა, ფრანკლინ გრემმა გადაიბარა, რომელიც ასევე აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ევანგელისტი მქადაგებელია. 

ფრანკლინ გრემი 2014 წელს საქართველოში იმყოფებოდა. ბილი გრემის ორგანიზაციას სპორტის სასახლეში "იმედის ფესტივალი" უნდა გაემართა, რომელიც საბოლოოდ საქართველოს ორმოცდაათიანელთა ეკლესიის ეზოში ჩატარდა. ფესტივალის საზეიმო გახსნამდე სამი დღით ადრე, ორგანიზატორებისთვის ცნობილი გახდა, რომ სპორტის სასახლის ერთ-ერთი ფლიგელის სახურავზე გაჩნდა ხანძარი. ორგანიზატორებს ხანძრიდან რამდენიმე საათში, შენობის მდგრადობის შეფასების გარეშე, სპორტის სასახლის დირექტორმა განუცხადა, რომ შენობის უსაფრთხოების რისკების გამო, სპორტის სასახლეში ღონისძიების გამართვა შემდეგი 6-7 დღის განმავლობაში შეუძლებელი იქნებოდა.

მომდევნო დღეს, შენობის მდგრადობის შეფასების მიზნით, ჩატარდა სახელმწიფო ექსპერტიზა, თუმცა, საკითხზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, მისი შედეგების გამოქვეყნება ფესტივალის ჩატარებამდე ვერ მოხერხდა. სპორტის სასახლის დირექციამ კი, უსაფრთხოების რისკებზე მითითებით, ფესტივალის ორგანიზატორებს არ მისცა შენობაში შესვლისა და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა.

ნახეთ ტაბულას ინტერვიუ ფრანკლინ გრემთან

კომენტარები