გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ჩაქვში "ზღვის ეშმაკი" იპოვეს

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავ ზღვაში "ზღვის ეშმაკი" იპოვეს. თევზის უნიკალური ეგზემპლარი ქართველმა მეთევზეებმა ჩაქვში დაიჭირეს.

"მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მოპოვებული ეგზემპლარიისწავლეს და დაადგინეს, რომ აღნიშნული თევზის სახეობა მიეკუთვნება” ზღვის ეშმაკს” – (Lophius piscatorius), რომელიც მსოფლიო ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია.

შავ ზღვაში თევზის ეს სახეობა იშვიათია, საქართველოში ხმელთაშუა ზღვის აუზიდან აღწევს, გამომდინარე იქიდან, რომ შავი ზღვის სიღრმისეული ფენები 130 მეტრი სიღრმის ქვევით გოგირდწყალბადით არის გაჯერებული, მისი საქართველოში მოპოვება მაღალი სამეცნიერო ფაქტია" - აცხადებს სამინისტრო.

ზღვის ეშმაკის მოპოვების პირველი შემთხვევა 1955 წლით თარიღდება. ბათუმის მახლობლად მოპოვებული ეგზემპლარის ფიტული დღეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

ზღვის ეშმაკის კიდევ ერთი ეგზემპლარი მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 2008 წელს ფოთის აკვატორიაში მოიპოვეს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს.

აღნიშნული შემთხვევა თევზის სახეობის მოპოვების მესამე ფაქტია.

კომენტარები