იან კელი

"ვასრულებ დიპლომატიურ მოღვაწეობას" - კელი ელჩის თანამდებობას მარტის ბოლოს დატოვებს

პარლამენტი

საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი იან კელი თანამდებობას ვადაზე ადრე, მარტის ბოლოს წყვეტს. იან კელი დღეს გამოსამშვიდობებელ შეხვედრას მართავს. 

იან კელის განცხადებით, ის 33-წლიან დიპლომატიურ სამსახურს ემშვიდობება და მოღვაწეობას ჩიკაგოს Northwestern University-ში გააგრძელებს. კელის თქმით, ის უნივერსიტეტში სალექციო კურსს გაუძღვება, რომელიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ისტორიასა და პოლიტიკას შეეხება. 

"ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა ჩემთვის და ეს ის ადგილია, რომელსაც, სინამდვილეში, ვერასდროს დავემშვიდობები.

პირველად საქართველოში 1976 წელს ჩამოვედი, როგორც სტუდენტი. იმ დროს ქვეყანას რთული დღეები ედგა. მაშინ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველმა ხალხმა და ქვეყნის მდიდარმა კულტურამ, თუმცა ათწლეულების წინ მისი მშვენიერება და სიცოცხლისუნარიანობა რკინის ფარდის უკან იყო მომწყვდეული. საქართველოში მკაცრი, ნაცრისფერი საბჭოთა ინდუსტრიული ჩრდილოეთიდან ჩამოსულმა, აქ, ამ უმშვენიერესი ქვეყნის სიხალასე და სიმსუბუქე შევიგრძენი; ეს ის მახასიათებლებია, რაც ყოველთვის განსაკუთრებულობას ანიჭებდა საქართველოს და გამოარჩევდა მას სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისგან. ჩემი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში საქართველოს ბევრჯერ ვესტუმრე, ვაკვირდებოდი, როგორ თავისუფლდებოდა ქვეყანა საბჭოთა უღელისგან, როგორ ესწრაფოდა დემოკრატიულ განვითარებას და თავის განსაკუთრებულ ხვედრს, ისე როგორც, არცერთი სხვა საბჭოთა რესპუბლიკა. მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა და რამდენიმე ტრაგიკული კონფლიქტისა, საქართველომ შეძლო გადარჩენა და წარმატებული განვითარებაც,"- ამბობს იან კელი. 

იან კელი თანამდებობაზე 2015 წელს დაინიშნა. 

კომენტარები