სპორტი

ბაკურიანში პირველი საერთაშორისო სათხილამურო შეჯიბრი ჩატარდა

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია

16-17 თებერვალს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ბაკურიანში პირველი საერთაშორისო სათხილამურო შეჯიბრი, სკი კროსის დისციპლინაში ჩატარდა.

შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს, ავსტრიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ყაზახეთის და ავსტრალიის მოთხილამურეებმა მიიღეს. საპატიო, საპრიზო ადგილები ავსტრიელმა და ავსტრალიემა სპორტსმენებმა გაინაწილეს. მოპოვებული ქულები მათ მსოფლიო თასის ეტაპებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

შეჯიბრი ფრანგი და გერმანელი დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა. მათთან კონსულტაციის შედეგად სპეციალური, ხელოვნურად გათოვლიანებული ტრასაც აშენდა.

FIS - ის ტექრნიკური დელეგატი, რაინჰალდ რუდოლფ კრამპფელი, შეჯიბრს დადებითად გამოეხმაურა:

“ყველა ეჭვი, რომელიც შეჯიბრამდე არსებობდა იმის შესახებ, თუ რამდენად მზადაა ბაკურიანი საერთაშორისო კლასის შეჯიბრის ჩასატარებლად, ახლა უკვე გამქრალია” - განაცხადა კრამპფელმა.

შეჯიბრის ორგანიზატორის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის თქმით, სკი კროსის შეჯიბრის ბაკურიანში ჩატარება წინ გადადგმული ნაბიჯია იმისათვის, რომ 2023 წელს მსოფლიო სათხილამურო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდეს. 

 

კომენტარები