10 წლის დავით ნოზაძეს, რომელიც ხაშურიდან თბილისში ზოოპარკის სანახავად გამოიპარა, დღეს ოცნება აუხდინეს.
მან თბილისის ზოოპარკი დაათვალიერა და საჩუქრად ერთწლიანი აბონემენტიც მიიღო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ნოზაძე ზოოპარკში იმავე პატრულ-ინსპექტორმა წაიყვანა, რომელმაც დაკარგული ბავშვი თავდაპირველად მშობელს დაუბრუნა.
"20 თებერვალს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა პატრულირების დროს თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე, დაახლოებით, 9-10 წლის ბიჭი შეამჩნია, რომელსაც თან არავინ ახლდა.
პოლიციელები მოზარდს გაესაუბრნენ. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ იგი 10 წლის დავით ნოზაძეა, ქალაქ ხაშურში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სახლიდან დაუკითხავად გამოიპარა, მატარებელს გამოჰყვა, თბილისში ზოოპარკის სანახავად და დედაქალაქის დასათვალიერებლად ჩამოვიდა, დააღამდა და უცხო ქალაქში სრულიად მარტო აღმოჩნდა.
მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა ბავშვის ვინაობა დაადგინეს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ მამამისს - ლევან ნოზაძეს, რომელიც ჩამოვიდა თბილისში და ბავშვი სახლში დააბრუნა", - აცხადებენ შსს-ში.