კომუნისტური მანიფესტი

ინტიმური მარქსი და ენგელსი - უცნობი დეტალები და პლაგიატი

0 კომენტარი

"კომუნისტური პარტიის მანიფესტი" უკვე 170 წელს ითვლის. ის პირველად 1848 წლის 21 თებერვალს გერმანელი კომუნისტების კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის ავტორობით გამოვიდა, თუმცა Deutsche Welle წერს, რომ მანიფესტის ტექსტის დიდი ნაწილი მოპარულია. 

"კომუნისტური პარტიის მანიფესტი" კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის ცნობილი ნამუშევარია, რომელშიც თავმოყრილია კომუნისტების მიზნები, გამოწვევები და ბრძოლის მეთოდები. მანიფესტი მთავრდება ლოზუნგით: "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!". ეს საკვანძო ფრაზა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის გერბზე ყველა საბჭოთა რესპუბლიკის ენაზე იყო დაწერილი, მათ შორის ქართულადაც. თუმცა, DW წერს, რომ ფრაზა სინამდვილეში მარქსსა და ენგელსს არ ეკუთვნით. მათი ცნობით, ფრაზის ავტორი გერმანელი სოციალისტი კარლ შაპერია, რომელიც "სამართლიანების კავშირის" ერთერთი გამორჩეული დამფუძნებელია. ეს კავშირი მარქსისა და ენგელსის "კომუნისტების კავშირის" წინამორბედია. შაპერმა ჯერ კიდევ 1847 წლის სექტემბერში ერთერთი კომუნისტური გამოცემის სტატიის საშუალებით მოუწოდა ყველა ქვეყნის პროლეტარიატებს გაერთიანებისკენ. ეს მანიფესტის გამოქვეყნებამდე რამდენიმე თვით ადრე იყო. 

ამასთან, DW წერს, რომ ეს ერთადერთი პლაგიატი სულაც არ არის. კომუნისტური იდეოლოგიის ამ და სხვა ნაკლებადცნობილ ან საერთოდაც უცნობ წყაროებზე ერთი უცნაური, გერმანიაში გამოსული აუდიოწიგნი ყვება. წიგნს "ინტიმური მარქსი და ენგელსი" ჰქვია. გამოცემა წერს, რომ ამ წიგნის შინაარსი, შესაძლოა, დაუჯერებლად ჟღერდეს, თუმცა ის წმინდა წყლის სიმართლეა. 

წიგნის ძირითადი ნაწილი ციტატებისგან შედგება, რომლებსაც წამყვანის მოკლე აღწერები მოყვება. ის, უბრალოდ, ხსნის, რომელი წიგნიდან თუ წერილიდანაა მარქსისა და ენგელსის ესა თუ ის ფრაზა. მაგალითად, ასეთი ნაციონალ-სოციალისტებისთვის შესაფერისი ფრაზა: "მე ვფიქრობ, რომ გამოყოფილი ჰოლანდიისა და ბელგიის გერმანიზაცია გარდაუვალი პოლიტიკური აუცილებლობაა". ანდაც ასეთი: "ინდოეთს საერთოდ არანაირი ისტორია არ აქვს, ყოველ შემთხვევაში, ცნობილი ისტორია". ეს ფრაზები ყველანაირი ირონიის გარეშეა დაწერილი და ცხადყოფს ფრიდრიხ ენგელსის, პირდაპირ რომ ვთქვათ, რასისტულ და ნაციონალისტურ შეხედულებებს. თუმცა, არც მარქსი იყო ბევრად უკეთესი. ჩინელებს ის "ქუჩის ვაჭრუკანების" ერს ეძახს, რუსებს კი ერთერთ "ბარბაროსულ ერად" მიიჩნევდა.  

მიუხედავად წიგნის სათაურისა, ინტიმური მოვლენები აუდიოწიგნში ძალიან ცოტაა. თუნდაც ენგელსის შეხედულება ჰომოსექსუალების შესახებ და მარქსისა - თანამოაზრე-კონკურენტებზე რად ღირს. თუმცა, სკანდალური ფრაზები ისედაც საკმარისზე მეტია. ავიღოთ თუნდაც კარლ მარქსის ანტისემიტური გამონათქვამები, რომელიც სხვათა შორის, თავად ებრაული ოჯახიდანაა წარმოშობით. მარქსი ბავშვობიდანვე განიცდიდა თავის ებრაულ წარმომავლობას, წლებთან ერთად კი მას ეს იუდეველთა ფობიაში გადაეზარდა. 

აი, რას წერდა კარლ მარქსი თავის თანამედროვე მეტოქეზე, სოციალიზმის წამყვან თეორეტიკოსზე, ფერდინანდ ლასალზე:

"ეს ებრაელი ზანგი ლასალი! იდეალისტის ცარიელი სახე და ამოზნექილი მკერდი! ჩემთვის ახლა სავსებით ცხადია (და ამას ამტკიცებს მისი თავის ფორმა და თმა), რომ მისი წინაპრები ზანგები იყვნენ! მხოლოდ ებრაელობისა და გერმანელობის თანხვედრას ზანგების სუბსტანციასთან შეეძლო წარმოექმნა ამდენად უცნაური სუბიექტი!"

ამასთან, მარქსი ძალიან იშვიათად და ძალიან ფრთხილად აკრიტიკებდა ლასალს საჯაროდ, იცოდა რა მისი მაღალი ავტორიტეტის შესახებ. გარდა ამისა, ლასალი მარქსს ფულით ხშირად ეხმარებოდა. თუმცა, პირად წერილებში, "კომუნისტური მანიფესტისა" და "კაპიტალის" ავტორი, ლასალისთვის ტალახის სროლის მეტს არც არაფერს აკეთებდა:

"მისი მონაჩმახი წარმოუდგენელი ფაცი-ფუცითაა დაწერილი... ეს ხეპრე თავისი დაუსრულებელი, საწყალი ფილოსოფიური რიტორიკით".

და, აი, რას წერდა მარქსი თავად ლასალს:

"ძვირფასო ლასალ! რაც შეიძლება, სწრაფად მიპასუხე და არ გაბრაზდე ჩემზე იმის გამო, რომ მე ამდენ დროს გართმევ და ასე ხშირად გწერ... უპირველს ყოვლისა, მადლობას გიხდი. გულითადი სალამი... შენი კ. მ."

ზუსტად ასევე ელამუნებოდა ის თავის მდიდარ ბიძას, რომელსაც შეეძლო, მისთვის მემკვიდრეობა დაეტოვებინა (მარქსი მუდმივად ვალებში იყო), თუმცა ენგელსისთვის გაგზავნილ წერილში ის წერდა:

"თუკი ეს იდიოტი ახლა მოკვდება, გადარჩენილი ვარ". 

აუდიოწიგნი შემდეგი ფრაზით მთავრდება:

"ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე. თუმცა, ერთი წუთითაც მოიცადეთ. იცით თუ არა, რომ ლოზუნგი "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!" სულაც არ ეკუთვნის კარლ მარქსს? მარქსმა ის კარლ შნაპერს მოპარა."

და ეს, კიდევ ერთხელ ვიტყვით, არ არის ერთადერთი პლაგიატი. მარქსი ასევე არც უკვდავი ფრაზის "რელიგია ხალხის ოპიუმია" ავტორი არ არის. ფრაზა მან მე-18 საუკუნის გერმანელ პოეტსა და ფილოსოფოსს, ნავალისს მოპარა. "პროლეტარიატს არაფერი აქვს დასაკარგი, თავისი მიზნების გარდა" - ჟან პოლ მარატას ეკუთვნის, "ყველასგან – შესაძლებლობის მიხედვით, ყველას – საჭიროების მიხედვით" - ბლანკის. 

ასე განსაჯეთ, "კომუნისტების დიქტატურაც" კი, რომლის დამყარებასაც ასეთი მონდომებით ცდილობდა ლენინი, მოიფიქრა არა მარქსმა, არამედ ფრანგმა კომუნისტ-უტოპისტმა ლუი-ოგიუსტ ბლანკიმ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები