გერმანია

გერმანია სამშობლოში საკუთარი ნებით დაბრუნების მსურველებს ფულით დაეხმარება

გერმანია სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას სთავაზობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ შეთავაზებას პროგრამა REAG/GARP ითვალისწინებს. მხარდაჭერა ვრცელდება საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, ვინც გერმანიაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 2017 წლის 27 მარტამდე შევიდა.

პროგრამის ფარგლებში, ანაზღაურდება როგორც სამშობლოში დაბრუნების სამგზავრო ხარჯები, ისე, შესაძლებელია, დამატებითი ფინანსური დახმარების მიღება.

პროგრამა ეხება 2017 წლის 27 მარტამდე წასულ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც:

  • უარი ეთქვათ თავშესაფრის მინიჭებაზე გერმანიაში, მაგრამ არ გასულა მათთვის ქვეყნის დატოვებისთვის შესაბამისი უწყების მიერ მიცემული ვადები;
  • პირებს, რომელთა თავშესაფრის მინიჭების შესახებ განხილვის პროცესი არ დასრულებულა;
  • მოქალაქეებს, რომლებსაც მიანიჭეს ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ ნებაყოფლობით სურთ საქართველოში დაბრუნება;

ფინანსურ დახმარებასთან ერთად, პროგრამა მსურველებს აძლევს საშუალებას, თავად განსაზღვრონ დაბრუნების თარიღი და დაგეგმონ გამგზავრებასთან დაკავშირებული დეტალები.

"ისინი მგზავრობენ დამოუკიდებლად, ოფიციალური უწყების წარმომდგენელი თანმხლები პირის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, მგზავრობის დროს მათ გაეწევათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო პერსონალის თანხლება" - აცხადებს საგარეო უწყება და აღნიშნავს, რომ "გერმანული მხარის თანახმად, 2018 წლის 28 თებერვლამდე არსებობს შესაძლებლობა, აღნიშნულმა პირებმა მიიღონ დამატებით 3000 ევრომდე რაოდენობის ფულადი მხარდაჭერა, სამშობლოში საყოფაცხოვრებო პირობების დასაკმაყოფილებლად, მაგალითად, ქირავნობის დასაფარავად, სამშენებლო ან სარემონტო მიზნებისთვის და ა.შ".

სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს შეუძლიათ მიიღონ სრული ინფორმაცია გერმანიის მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში. საინფორმაციო ცენტრების განთავსების ადგილებისთვის ეწვიოთ შემდეგ ბმულს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით 2016 წელს საერთო ჯამში 54 000-მა ადამიანმა ისარგებლა.

კომენტარები