მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: პუტინის დავალებით, იგორ გიორგაძე ჩემი მოკვლით იმუქრება

Reuters

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე, რომელიც თბილისიდან მოსკოვში 1995 წლის 29 აგვისტოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის აფეთქების შემდეგ გაიქცა, მას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, დავალებით, მოკვლით ემუქრება. სააკაშვილი ამბობს, რომ მუქარის არ ეშინია და ის პოლიტიკურ აქტიურობას მაინც გააგრძელებს.

"ეს ФСБ-ის პოლკოვნიკია, იგორ გიორგაძე, რომელმაც 90-იან წლებში ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტი მოამზადა მოსკოვის დაკვეთით. მაშინ შევარდნაძე სასწაულებრივად გადარჩა, მაგრამ ბევრი ადამიანი დაშავდა. ახლა მოსკოვიდან, რამდენიმე რუსულ არხზე, ის ჩემი მოკვლით იმუქრება. როგორც ჩანს, რადგან დროებით მიაღწია თავის მიზანს, გავეგდე უკრაინიდან, პუტინს ახლა სურს, რომ მე ევროპაშიც არ ვიყო განსაკუთრებულად აქტიური და უფრო მეტად ვიყოთ დაკავებული საკუთარი უსაფრთხოებით, ანუ "შევჩერდე". როგორც ამბობენ ჩვენთან, ოდესაში, ვერ ეღირსებით,"- წერს სააკაშვილი. 

თავისი სიტყვების დასტურად, სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ნაწყვეტი იგორ გიორგაძის ინტერვიუდან. ამ ინტერვიუში იგორ გიორგაძე ამბობს, რომ "80%-იანი და უფრო მეტიც, 85%-იანი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი ბუნებრივი სიკვდილით არ მოკვდება". სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ამატებს, რომ სააკაშვილმა, შესაძლოა, აიცდინოს ასეთი დასასრული, თუკი ის "შეჩერდება, რაც ძალიან, ძალიან საეჭვოა". 

კომენტარები