ოკუპირებული ცხინვალი

სუს-ი: ვითხოვთ ამომწურავ ინფორმაციას ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

"საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოცემულ მომენტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და ყველა ზემო ხსენებული პირის დაკავების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას", - აცხადებენ უწყებაში.

სუს-ი მიიჩნევს, რომ აღნიშნულზე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მყისიერი და პრინციპული რეაგირება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამხარაულის ექსპერტების ადგილზე შესვლა, რათა მოხდეს ცხედრის პირველადი დათვალიერება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.

Sputnik Ossetia-ს ცნობით, დეფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროში აცხადებენ, რომ ა. ტ. ოკუპირებულ ახალგორში 22 თებერვლის დილით "გენოციდში ბრალდების მუხლით" დააკავეს, რის შემდეგაც ის დაკითხვაზე გადაიყვანეს, სადაც მას "წარუდგინეს მისი ბრალდების დამადასტურებელი დოკუმენტები". 

"მას შემდეგ, რაც გაიაზრა მისი მისამართით არსებული ბრალდებების დასაბუთებულობა, ეჭვმიტანილმა დუმილის უფლება გამოიყენა და კითხვებზე პასუხების გაცემაზე თარჯიმანისა და ადვოკატის გარეშე უარი თქვა, თუმცა მათი თანდასწრებითაც კი, არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ამის შემდეგ, მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა პროცესის დროს, ის შეეცადა დაცვის ერთერთი წევრისთვის იარაღი წაერთვა. აღნიშნულ ქმედებას საპასუხო რეაქცია მოყვა, მის წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა და სპეციალური საშუალებები. ა. ტ.-მ წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე ფეხი დაუცდა, რის შედეგადაც ტრავმები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს,"- წერს ოკუპირებული რეგიონის მარიონეტული ხელისუფლების დეფაქტო სამინისტრო.

კომენტარები