ოკუპირებული ცხინვალი

ციხელაშვილი: ტატუნაშვილის მიმართ გამოიყენეს ძალა, მოხდა მისი სიცოცხლის ხელყოფა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში დააკავეს და მის მიმართ ძალა გამოიყენეს, ასევე, "გაურვკეველ ვითარებაში მოხდა ტატუნაშვილის სიცოცლის ხელყოფა".

"საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებთ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. 

ამ მომენტისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გუშინ უკანონოდ დააკავეს ახალგორში, მის მიმართ გამოიყენეს ძალა და სრულიად გაურკვეველ ვითარებაში მოხდა მისი სიცოცხლის ხელყოფა", - აცხადებს მინისტრი.

ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციითვე, უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

"რათა დაუყოვნებლივ დადგინდეს მისი გარდაცვალების გარემოებები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმს", - ახადებს ქეთევან ციხელაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

"საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოცემულ მომენტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და ყველა ზემო ხსენებული პირის დაკავების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას", - აცხადებენ უწყებაში.

Sputnik Ossetia-ს ცნობით, დეფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროში აცხადებენ, რომ ა. ტ. ოკუპირებულ ახალგორში 22 თებერვლის დილით "გენოციდში ბრალდების მუხლით" დააკავეს, რის შემდეგაც ის დაკითხვაზე გადაიყვანეს, სადაც მას "წარუდგინეს მისი ბრალდების დამადასტურებელი დოკუმენტები". 

"მას შემდეგ, რაც გაიაზრა მისი მისამართით არსებული ბრალდებების დასაბუთებულობა, ეჭვმიტანილმა დუმილის უფლება გამოიყენა და კითხვებზე პასუხების გაცემაზე თარჯიმანისა და ადვოკატის გარეშე უარი თქვა, თუმცა მათი თანდასწრებითაც კი, არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ამის შემდეგ, მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა პროცესის დროს, ის შეეცადა დაცვის ერთერთი წევრისთვის იარაღი წაერთვა. აღნიშნულ ქმედებას საპასუხო რეაქცია მოყვა, მის წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა და სპეციალური საშუალებები. ა. ტ.-მ წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე ფეხი დაუცდა, რის შედეგადაც ტრავმები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს,"- წერს ოკუპირებული რეგიონის მარიონეტული ხელისუფლების დეფაქტო სამინისტრო.

კომენტარები