სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის სააგენტო: შპს ახალი ხორცი 500 კგ-ზე მეტ საეჭვო წარმომავლობის ხორცს ყიდდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებისას ვადაგასული და "საეჭვო წარმომავლობის" ხორცი გამოავლინეს.

სააგენტოს ცნობით, დარღვევები დაფიქსირდა შპს ახალი ხორცის საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტში, რის გამოც თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 500 კილოგრამზე მეტი ვადაგასული და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცი დალუქეს.

"ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და ხორცის განადგურება დაევალა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს" - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო და აღნიშნავს, რომ მათმა ინსპექტორებმა შპს ახალი ხორცი ანალოგიური დარღვევებისთვის თვის დასაწყისშიც დააჯარიმეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საეჭვო წარმომავლობისაა ხორცი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის ნიშანდება (აღნიშვნა, რომელიც დასმულია ცხოველის ტანხორცზე და მიუთითებს, რომ ცხოველმა გაიარა დაკვლის წინა და დაკვლისშემდგომი შემოწმება და დაიკლა ვეტერინარის ზედამხედველობით).

კომენტარები