კრიმინალი

შსს: $26 000-ის გამოძალვის მიზნით, კახეთში პირს თავისუფლება აღუკვეთეს

flickr

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის განცხადებით, შსს-ს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა. დაკავების ოპერაცია სწორედ ამის შემდეგ ჩატარდა.

"დადგინდა, რომ დაკავებულებმა 26 ათასი ამერიკული დოლარის გამოძალვის მიზნით, სოფელ ართანაში მცხოვრებ პირს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის ავტომანქანის და პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები