არჩილ ტატუნაშვილის საქმე

პრემიერი ტატუნაშვილზე: უნდა მოხდეს მკვეთრი რეაგირება და დამნაშავეებმა პასუხი აგონ

მთავრობის ადმინიტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ე.წ სამხრეთ ოსეთში, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ეხმაურება.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, მოხდეს მკვეთრი რეაგირება და სასწრაფოდ დადგინდეს, რა ვითარებაში დააკავეს საქართველოს მოქალაქეები და გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, რათა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ცხინვალში დღეს მომხდარი უმძიმესი ფაქტის გამო და გულწრფელად მივუსამძიმრო გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და ახლობლებს.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ამ უმძიმესი ფაქტის შესახებ მყისიერად ეცნობათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით.

საკითხის სიმძიმისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, აუცილებლად მიგვაჩნია საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, მოხდეს მკვეთრი რეაგირება და  სასწრაფოდ დადგინდეს, რა ვითარებაში დააკავეს ჩვენი მოქალაქეები და გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, რათა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი", - აცხადებს კვირიკაშვილი.

მისივე თქმით, აუცილებელია, სასწრაფოდ შეიქმნას ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, რათა ადამიანის უფლებების ასეთ და სხვა მძიმე დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს.

"ჩვენ მოვითხოვთ და ყველა საერთაშორისო ბერკეტს გამოიყენებთ, რომ ახალგორში უკანონოდ დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ", - აღნიშნავს პრემიერმინისტრი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში დააკავეს და მის მიმართ ძალა გამოიყენეს, ასევე, "გაურკვეველ ვითარებაში მოხდა ტატუნაშვილის სიცოცლის ხელყოფა".

"საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებთ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Sputnik Ossetia-ს ცნობით, დეფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროში აცხადებენ, რომ ა. ტ. ოკუპირებულ ახალგორში 22 თებერვლის დილით "გენოციდში ბრალდების მუხლით" დააკავეს, რის შემდეგაც ის დაკითხვაზე გადაიყვანეს, სადაც მას "წარუდგინეს მისი ბრალდების დამადასტურებელი დოკუმენტები". 

"მას შემდეგ, რაც გაიაზრა მისი მისამართით არსებული ბრალდებების დასაბუთებულობა, ეჭვმიტანილმა დუმილის უფლება გამოიყენა და კითხვებზე პასუხების გაცემაზე თარჯიმანისა და ადვოკატის გარეშე უარი თქვა, თუმცა მათი თანდასწრებითაც კი, არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ამის შემდეგ, მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა პროცესის დროს, ის შეეცადა დაცვის ერთერთი წევრისთვის იარაღი წაერთვა. აღნიშნულ ქმედებას საპასუხო რეაქცია მოყვა, მის წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა და სპეციალური საშუალებები. ა. ტ.-მ წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე ფეხი დაუცდა, რის შედეგადაც ტრავმები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს,"- წერს ოკუპირებული რეგიონის მარიონეტული ხელისუფლების დეფაქტო სამინისტრო.

კომენტარები