სასამართლო სისტემა

პრეზიდენტი საბჭოს: გამოაცხადეთ მორატორიუმი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, ე.წ გირგვლიანის შესწორებების მიღებამდე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმი გამოაცხადოს. 

"მინდა მოუწოდო იუსტიციის საბჭოს, რომ სანამ ეს შესწორებები არ იქნება პარლამენტის მიერ მიღებული კანონად, უვადო დანიშვნაზე განახორციელოს მორატორიუმი. მე არ ვამბობ, რომ ამ მოწოდებით ჩვენ რეალურად გადავწყვეტთ პრობლემას, მაგრამ დრამატულ პროცესებს შევაჩერებთ. ის, რომ ქართულ სასამართლოს სჭირდება გაძლიერება და გაჯანსაღება ამის თაობაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში ვაკეთებ განცხადებებს. ეს გეგმა ნაწილობრივ მაინც შეაჩერებს იმ სირთულეებს, რასაც ჩვენ ვხედავთ სასამართლო სისტემაში“, - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა პარლამენტს ასევე მოუწოდა, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ე.წ გირგვლიანის შესწორებები მიიღოს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე მოსამართლე უვადოდ გუშინ დანიშნა, მათ შორის რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე. 2016 წელს მან სააპელაციო სასამართლოს სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგიის წევრის სტატუსით განიხილა რუსთავი 2-ის სააპელაციო საჩივარი და თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების თაობაზე ძალაში დატოვა. 

ასევე უვადოდ დაინიშნენ მოსამართლე შორენა გუნცაძე, რომელმაც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე ბახალას, 0,3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბუტექსის) პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ლილი მსხილაძე, რომელმაც 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიური განცხადება გააკეთა. 

კომენტარები