ზამთრის ოლიმპიადა 2018

რუსმა სპორტსმენმა მაისურით "მე არ ვარ დოპინგზე", დოპინგის ტესტი ვერ გაიარა

რუსმა ბობსლეისტმა ნადეჟდა სერგეევამ, რომელიც ზამთრის ოლიმპიადაზე რუსეთის სახელით გამოდიოდა და ხშირად ჩნდებოდა ვიდეოებში ანტიდოპინგური კამპანიის მაისურით, რომელზეც ეწერა "მე არ ვარ დოპინგზე", ნარკოტესტირება ვერ გაიარა. 

ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის ბობსლეის ფედერაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ზუბკოვმა გაავრცელა. ზუბკოვმა განაცხადა, რომ სერგეევას ნარკოტესტირებისას მის ორგანიზმში გულის აკრძალული მედიკამენტები აღმოჩნდა. ფედერაცია აცხადებს, რომ აღნიშნული მედიკამენტები სპორტსმენს ექიმის მიერ არ ჰქონია დანიშნული. 

ნადეჟდა სერგეევა დოპინგზე 13 თებერვალსაც შეამოწმეს, თუმცა მას ორგანიზმში აკრძალული მედიკამენტები არ აღმოაჩნდა. ცოტა ხნით ადრე იგივე ბედი გაიზიარა კიდევ ერთმა რუსმა სპორტსმენმა ალექსანდრ კრუშელნიცკიმ, რის შედეგაც მას მიღებული ბრინჯაოს მედალი ჩამოართვეს. სერგეევა და კრუშელნიცკი ამ დრომდე ორად-ორი სპორტსმენია ზამთრის ოლიმპიადაზე, რომლებსაც ნარკოტესტირების დროს ორგანიზმში აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩნდათ. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო, რუსეთის ნაკრები სამხრეთ კორეაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაუშვეს. იმ სპორტსმენებს, რომლებმაც დოპინგ ტესტის შემოწმება წარმატებით გაიარეს, ასპარეზობა მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ შეეძლოთ. რუსეთის პრემიერმინისტრის მოადგილესა და სპორტის ყოფილ მინისტრს ვიტალი მუტკოს კი, სამუდამოდ აეკრძალა ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება. 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ე.წ. სუფთა სპორტსმენი, რომელსაც დოპინგი არ აღმოაჩნდება, ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს, როგორც "ათლეტი რუსეთიდან". ამასთან, ოლიმპიადაზე არც რუსული ჰიმნი არ გაჟღერებულა. 

რუსეთს ბრალად ედება 2011-2015 წლებში დოპინგის სისტემატური დაფინანსება. ამავდროულად, რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს დაევალა, აუნაზღაუროს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს IOC-ს დოპინგის სკანდალის გამოძიების ხარჯები და ამასთან $15 მლნ-ის გადახდაც დაეკისრა.

კომენტარები