არჩილ ტატუნაშვილის საქმე

EUMM: ტატუნაშვიის სიკვდილის მიზეზის დასადგენად საფუძვლიან გამოძიებას მოველით

fb.com

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) უსამძიმრებს ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და სიკვდილის მიზეზის დასადგენად თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რათა მოხდეს ყველა საჭირო დოკუმენტაციის გაცვლა გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზის გასარკვევად. მისია მოელის, რომ ბატონი ტატუნაშვიის სიკვდილის მიზეზის დასადგენად სრული, საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება შედგება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მეშვეობით ხელი შეუწყოს განხილვებს, რომლის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო, ან ნებისმიერ სხვა ფორმატში, რომელზეც შესაძლოა შეთანხმდნენ მონაწილეები.”, - ნათქვამია მისიის განცხადებაში.

2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს.

Sputnik Ossetia, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროზე დაყრდნობით წერდა, რომ "ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და მას კიბის საფეხურზე ფეხი დაუცდა, რის შედეგადაც ტრავმები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს".

მოგვიანებით გარდაცვალების მიზეზად საოკუპაციო რეჟიმმა ინფარქტი დაასახელა.

კომენტარები