ბათუმის საქალაქო სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებს

ტაბულა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ირაკლი შავაძე სასამართლოს თავმჯდომარეს, დავით მამისეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს. 

შავაძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ არ აირჩია. მოსამართლე ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი სწორედ მამისეიშვილთან დაპირისპირებაა. 

შავაძის თქმით, დავით მამისეიშვილი არ აძლევდა საშუალებას, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიეღო. 

"სურვილი ჰქონდა, რომ მას მიეღო გადაწყვეტილება და მე უბრალოდ დარბაზში გამომეცხადებინა. ​ჩემთან საუბარშიც და სხვა მოსამართლეებსაც ხშირად ასმენინებდა, რომ ლევან მურუსიძე, ასევე ლევან თევზაძე მისი შვილების ნათლიები იყვნენ, მათთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა და მემუქრებოდა, რომ, თუ რამე მასე არ იქნებოდა, როგორც მას უნდოდა, მე ცოდვა დავრჩებოდი იმიტომ, რომ მას დიდი გავლენა ჰქონდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან", - ამბობს მოსამართლე რუსთავი 2-თან.

შავაძე ამბობს, რომ საქმე, რის გამოც მასსა და მამისეიშვილსა შორის უთანხმოება დაიწყო, 2015 წლის ქობულეთის ხანძარია. საქმეზე დაკავებულ ზაზა ართმელაძეს მამისეიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, შავაძემ კი ეს გადაწყვეტილება შეცვალა. 

„პირადად იყო ის გაბრაზებული ართმელაძის დაზე, ართმელაძის ადვოკატზე, რომ კონფერენციაზე რაღაც პლაკატები გამოფინეს, მე არც ვიცოდი ამ პლაკატების თაობაზეო. მაგრამ მან მითხრა, რომ მე პატიმრობა უნდა შემეცვალა მისთვისო და იმიტომ არ შევუცვალე, რომ ასეთი რაღაც მოხდა და შენც არ შეუცვალოო. მე ვიცოდი მისი ხასიათი, რაოდენ გაბრაზებული იყო და ის მომენტი იყო, როცა ადვოკატები პროცესზე არ ესწრებოდნენ, რომ უფრო არ გაზრდილიყო მისი ბოღმა, ვისარგებლე ამ შემთხვევით და ადვოკატები რომ არ იყვნენ, მაშინ შევუცვალე აღკვეთის ღონისძიება. მიუხედავად ამისა, რომ ეს კაცი გარდაიცვალა მერე, თავი ჩამოიხრჩო, ეს ბოღმა მას არ გაუნელდა ჩემს მიმართ. ფაქტობრივად, აღკვეთის ღონისძიების შეცვლიდან ორი დღის მერე ის მე უკვე აღარ მელაპარაკება. ეს რაც აქ ხდებოდა და ეს, რაც ამათ უკადრებელი იკადრეს და ისეთი საჩივრები წერეს ჩემზე და აბსოლუტურად რომ მართალი ვარ მე", - თქვა შავაძემ.

მოსამართლე დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციებს - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და საერთაშორისო გამჭვირვალობას სთხოვს. ირაკლი შავაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის საკითხით დაინტერესება პროკურატურასაც სთხოვა, ვინაიდან, მისი შეფასებით, იკვეთება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ბოროტად გამოყენების ნიშნები. შავაძე მზად არის, საგამოძიებო უწყებას ჩვენებაც მისცეს. 

ირაკლი შავაძე 2016 წლის 4 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ გამოსაცდელი ვადით დანიშნეს. უფლებამოსილებას ვადა მას მომავალ წელს ეწურება. კანონმდებლობის მიხედვით, შავაძეს მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობის მიღება ხელახლა შეუძლია.

კომენტარები