არჩილ ტატუნაშვილის საქმე

გამგებელი: ცხინვალიდან გათავისუფლებულებს "პროპუსკი" ჩამოართვეს, ვერ ბრუნდებიან

allmedia.ge

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში გუშინ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის სოფელ წილკანში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ ბრუნდებიან იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა ტატუნაშვილთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს, დღეს კი გაათავისუფლეს და სუს-ის ცნობით, ახლა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან. 

როგორც იმედთან საუბრისას ახალგორის გამგებელმა თქვა, პავლიაშვილს და ქუტაშვილი ე.წ "პროპუსკი" ჩამოართვეს.

“დოკუმენტები ჩამოართვეს, რომ არ დატოვონ ოკუპირებული ახალგორი და არ გადმოვიდნენ აქეთ. ჩემი აზრით, როგორც კი არჩილ ტატუნაშვილს [ცხედარს] გადმოგვცემენ, მერე გადასცემენ საბუთებს. იქ არაფერი საგამოძიებო არ არსებობს და ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი, თითქოს ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ, უბრალოდ მათ შეიტყვეს, რომ ის იყო მეომარი, სამხედრო პირი, თუმცა მას ცხინვალის ომში, 2008 წლის აგვისტოში მონაწილეობა არ მიუღია, მაშინ იყო ერაყში, ეს ნაწილი გამოიძახეს, ჩამოვიდა, მაგრამ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია”,- თქვა ნუგზარ თინიკაშვილმა. 

გუშინ, 23 თებერვალს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. დღეს კი საქართველოს სახალხო დამცველმა თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

კომენტარები