არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ტატუნაშვილის გატაცების საკითხს ევროკავშირის საგარეო საბჭოს სხდომაზე განიხილავენ

ამერიკის ხმა

ლიტვა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებულ ცხინვალში გატაცების საქმეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დააყენებს. 

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლილნკევიჩუსმა ტვიტერზე დაწერა. 

"რეპრესიული რეჟიმის მახინჯი სახე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. ვგმობ საქართველოს მოქალაქეების დევნას და მოვითხოვ ადგილზე შეიქმნას ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. მე ამ საკითხს ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დავაყენებ,“ - აცხადებს ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

საერთაშორისო საზოგადოებას ტატუნაშვილის გატაცების საქმით დაინტერესებისკენ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმაც მოუწოდა. 

"მივმართავთ სადამკვირვებლო მისიას და საერთაშორისო საზოგადოებას, დროული რეაგირება მოჰყვეს ამ  საზარელ შემთხვევას, დადგინდეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებები  და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებულები",- ნათქვამია თამარ ხულორდავას კომიტეტის განცხადებაში. 

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან. 

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის თქმით, მათ დოკუმენტები ჩამოართვეს, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულებს მათთან თანამშრომლობას ავალდებულებენ. ეს საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია. 

ამ დრომდე ვერ ხერხდება საქართველოში ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაც. ქემოკლიძის ცნობით, ეს სავარაუდოდ მომდევნო კვირის დასაწყისში მოხდება. 

კომენტარები