სირია

აღმოსავლეთ ღუტას დაბომბვა, გაეროს რეზოლუციის მიუხედავად, გრძელდება

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

გაეროს მიერ ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოწოდების მიუხედავად სირიაში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილის სირიის რეჟიმის საჰაერო დარტყმები კვლავ გრძელდება. ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ძალები აღმოსავლეთ ღუტას უკვე 7 დღის მანძილზე ბომბავენ.

გაეროს უშიშროების საბჭომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია შაბათს მიიღო და ის ძალაში დაუყოვნებლივ უნდა შესულიყო.

სირიის რეჟიმი აცხადებს, რომ მათ სამიზნეს აღმოსავლეთ ღუტაში მყოფი ტერორისტები წარმოადგენენ და მათ დაბომბვას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად გააგრძელებს. სირიის რეჟიმის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობები აღმოსავლეთ ღუტადან დამასკოს მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ შეეხება იმ ოპერაციებს, რომლებიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აღიარებული სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ხორციელდება.

რეზოლუციაში არ არის აღნიშნული ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული თარიღი, მხოლოდ აღნიშნულია, რომ ის ძალაში დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს. რეზოლუციაში ასევე არ არის ნახსენები როგორ მოხდება რეზოლუციის აღსრულება.

გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენჟიამ განაცხადა, რომ რეზოლუციის მიღების პროცესი ხანგრძლივი და დამღლელი იყო, რათა მას რაიმე მნიშნელობა ჰქონოდა. შეგახსენებთ, რომ წინა რეზოლუცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთმა დაბლოკა და ამის მიზეზად მისი არარეალისტურობა დაასახელა. ნებენჟიამ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება 2016 წელს ალეპოში განვითარებულ მოვლენებზე რეაქციას შეადარა და ისინი პროპაგანდაში დაადანაშაულა.

"კოორდინირებული მასობრივი ფსიქოზი გლობალურ მედია საშუალებებში, ერთი და იგივე ჭორების გავრცელება უკანასკნელ დღეებში, არანაირად არ ეხმარება სიტუაციაში გარკვევას." თქვა მან.

გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ მის განცხადებას უპასუხა:

"იმ სამ დღეში, რაც რეზოლუციის მისაღებად დაგვჭირდა, რამდენმა დედამ დაკარგა შვილი დაბომბვის გამო? კიდევ რამდენი სურათი გვჭირდება მამებისა, რომლებსაც ხელში თავიანთი დაღუპული შვილები უჭირავთ? და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ აქ ჩვენ ხმას ვაძლევთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც დღეების წინ სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო."

"რეზოლუციის მიზანი ნათელია: ასადის რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები აღმოსავლეთ ღუტაში და ერთხელ მაინც მისცეს საშუალება ჰუმანიტარულ დახმარებას შეაღწიოს მათთან, ვისაც ეს სჭირდება." თქვა ჰეილიმ და დაამატა, რომ არ არის დარმუნებული, რომ სირიის რეჟიმი შეთანხმებას შეასრულებს.

"ჩვენ სკეპტიკურად ვართ განწყობილი იმისადმი, რომ რეჟიმი მოთხოვნას დაემორჩილება. მაგრამ მაინც ვუჭერთ მხარს ამ რეზოლუციას, რადგან ნაკლები არ უნდა მოვითხოვოთ. ჩვენ ეს ვალი იმ უდანაშაულო სირიელების წინაშე გვაკისრია, ვინც გვევედრება დავეხმაროთ."

აღმოსავლეთ ღუტაზე 18 თებერვალს დაწყებულ თავდასხმას 520-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 2,500-ზე მეტი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები