Chek In Georgia

აუდიტი: 2016 წელს Check In Georgia 28 მლნ ლარით დაფინანსდა, შემოსავალი 3 მლნ ლარი იყო

კულტურის სამინისტრო

საქართველოს მთავრობამ პროექტი Check In Georgia 2016 წელს 28 მილიონი ლარით დააფინანსა, შემოსავალმა კი 3 მილიონი ლარი შეადგინა. 

ეს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში წერია. 

დოკუმენტის მიხედვით, პროექტის ხარჯების უმეტესობა კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდმა გასწია, რომელსაც ამ მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყო 22,854,080 ლარი. 

ფონდმა დაგეგმა და ჩაატარა: ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის და Maroon 5_ის კონცერტები. ღონისძიებებზე ბილეთები გაიყიდა. პროექტის დანარჩენ ღონისძიებებზე დასწრება უფასო იყო. აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ უფლებამოსილი პირების განმარტებით, კონცერტების ჩატარების ადგილები, გასაყიდი ბილეთების რაოდენობა და ფასები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან იყო შეთანხმებული.

კონტრაქტი ბილეთების გაყიდვაზე გაფორმებული იყო შპს "ონლაინ თიქეთსთან" (TKT.GE). 

საინვესტიციო ფონდი არ ახდენდა ჩატარებული კონცერტების მიხედვით გაყიდული ბილეთების შესახებ TKT.GE-ს მონაცემთა ბაზიდან დეტალური ინფორმაციების (გაყიდვის არხების (ონლაინ, სალარო) და ოპერატორების, პერიოდების მიხედვით გადახდებზე, მომხმარებლებზე, შეკვეთებზე) რეპორტირებას და დოკუმენტირებას. შემოსავლის აღიარება ხდებოდა პროგრამიდან გენერირებული სტატისტიკური ანგარიშების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად.

მოცემული სტატისტიკური ანგარიშების მიხედვით, გაუყიდავი ბილეთების რაოდენობამ შეადგინა - 3,719 ერთეული, ღირებულებით - 141,840 ლარი

„კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის“ მიერ 2016 წელს 3 კონცერტის ფარგლებში ბილეთების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა სულ 3,044,030 ლარი.

კომენტარები