ევროპული საქართველო

ხოშტარია ხაბეიშვილზე: ენმ-ის უსაფუძვლო ბრალდებები მთლიანად ოპოზიციას აზარალებს

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ კახა კალაძემ ოპოზიციურ პარტიებზე თავისი განცხადებით დაადეკლარირა, რომ ევროპული საქართველოს წევრები ბიძინა ივანიშვილთან "შეკრულები არიან". 

ელენე ხოშტარია ხაბეიშვილის ბრალდებებს "აბსოლუტურად უსაფუძვლოს" უწოდებს და ამბობს, რომ სამწუხაროა, როცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხშირად უთმობს თავის დროს ევროპული საქართველოსთვის ტალახის სროლას. 

"აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ ევროპულ საქართველოს, ვთქვათ, ამით რამე აკლდება, არამედ ის, რომ ამით ისინი ასრულებენ ქართული ოცნების ამოცანას, რომლებსაც საერთოდ ოპოზიციის დასუსტება უნდათ. ზოგადად, პროდასავლურ ოპოზიციაში ასეთი ტიპის კინკლაობა, საბოლოო ჯამში იქნება მთლიანად ოპოზიციისთვის დამაზარალებელი და არა მხოლოდ ერთი ჯგუფისთვის და ძალიან სამწუხაროა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამ როლს ასრულებს, რითიც ხელს უწყობს ქართული ოცნების ნარატივს და მათ მცდელობას,"- ამბობს ხოშტარია ტაბულასთან საუბრისას. 

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს თქვა, რომ ოპოზიცია ორ ნაწილად იყოფა ერთიან ნაციონალურ მოძრაობად და ევროპულ საქართველოდ. მისი თქმით, ენმ დესტრუქციული, მარგინალური ძალაა, რომელთან თანამშრომლობასაც ის არ აპირებს, ხოლო ევროპული საქართველოს წევრები "ძალიან კონსტრუქციულები არიან", ამიტომაც, მათთან უმრავლესობის წარმომადგენლები თანამშრომლობენ. 

ელენე ხოშტარიამ თბილისის მერი ამ განცხადების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია ესაუბროს მათ შორის იმ ოპოზიციასაც, რომელიც არ მოსწონს. 

"კახი კალაძეც უშვებს ძალიან ტრადიციულ, ფუნდამენტურ შეცდომას მსგავსად ივანიშვილისა და ქართული ოცნებისა, როდესაც მათ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას განსაზღვრავს ხელისუფლება. ოპოზიციას განსაზღვრავს ხალხი და მოსწონს თუ არა, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის. ხელისუფლების ვალდებულებაა ესაუბროს ოპოზიციას. მათ შორის მათ, რომელიც არ მოსწონთ. იმიტომ, რომ ეს გადაწყვიტა ხალხმა. თუ ამას ვერ გაიგებს თბილისის მერი, მას ძალიან გაუჭირდება დემოკრატიულ ჩარჩოში რეალურად წარმოადგენდეს მთლიანად თბილისს და არა ქართულ ოცნება,"- ამბობს ელენე ხოშტარია. 

კომენტარები